Thumbnail
  • დორტმუნდთან გამარჯვების შემდეგ ბაიერნის მწვრთნელის საკითხი გადაწყდა
  • ჰანსი ფლიკი თანამდებობაზე რჩება - სავარაუდოდ ზაფხულამდე
  • რუმენიგემ ვენგერთან კომუნიკაციაზე ისაუბრა
  • ჰიონესის თქმით, ბაიერნის რამდენიმე ვარსკვლავს კოვაჩი აღარ უნდოდა

ბუნდესლიგის მთავარ მატჩში მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსია 4:0 გაანადგურა და ამ მატჩის შემდეგ გადაწყდა, რომ ბავარიული გრანდის დროებითი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი თანამდებობაზე რჩება. “მუშაობას მშვიდად ვაგრძელებთ!” - განაცხადა მოგებული ტოპ-მატჩის შემდეგ ბაიერნის შეფმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა 23 ნოემბერს, დიუსელდორფის ფორტუნასთან დაგეგმილ შეხვედრაში ფლიკი ბაიერნის მწვრთნელი, რუმენიგემ ასე უპასუხა: “დიახ, დიდი ალბათობით.”

“ჩვენ ფლიკის მუშაობით კმაყოფილები ვართ. ყველამ ვნახეთ, რომ მაყურებლებმაც ძალიან ისიამოვნეს იმ ფეხბურთით, რომელიც ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსიასთან ითამაშა. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფლიკთან ერთად მუშაობა მშვიდად გავაგრძელოთ,” - დასძინა რუმენიგემ.

დროებითმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ორივე თამაში მოიგო და პოსტზე ტოვებენ

მართალია, ‘კალეს’ გადაჭრით არ უთქვამს, რომ ჰანსი ფლიკი ბაიერნის მთავარ მწვრთნელად აუცილებლად სეზონის ბოლომდე იმუშავებს, მაგრამ გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილია. სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა: “როდესაც რუმენიგემ თქვა, რომ ფლიკთან ერთად მუშაობა გრძელდება, არა მგონია, რომ ამაში მხოლოდ 1 ან 2 კვირა იგულისხმა.” ჰიონესმა ისიც თქვა, რომ კოვაჩის გუნდიდან გაშვება ბაიერნის რამდენიმე ვარსკვლავს სურდა.

ნიკო კოვაჩით ყველაზე უკმაყოფილო თომას მიულერი იყო

დორტმუნდთან მატჩამდე გერმანული მედია წერდა, რომ ეს თამაში ფლიკის შანსი იყო და თუ ბაიერნი მოიგებდა, მას სეზონის ბოლომდე დატოვებდნენ, რადგან რეკორდმაისტერის შეფებს ახლა სხვა გამოსავალი არც აქვთ, რადგან მათ რამდენიმე სასურველი კანდიდატისგან უარი მიიღეს. ერიკ ტენ ჰაგმა (აიაქსი), თომას ტუხელმა (პსჟ) და რალფ რანგნიკმა ბაიერნში ახლავე გადასვლაზე უარი განაცხადეს, არსენ ვენგერის დანიშვნა კი თვითონ რუმენიგემ გადაიფიქრა. ამ უკანასკნელმა ვენგერთან კომუნიკაციაზეც ისაუბრა.

“ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. უახლოეს დღეებში არსენ ვენგერს დავურეკავ და ჩვენ ყველაფერზე გულახდილად დავილაპარაკებთ. ვენგერს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან უთანხმოება და სტრესი არ მჭირდება,” - აღნიშნა რუმენიგემ.

'მე კი არ დავურეკე, თვითონ დამირეკა და 4-5 წუთი ვილაპარაკეთ' - არსენ ვენგერი

მის განცხადებას თვითონ არსენ ვენგერიც გამოეხმაურა და თქვა, ბაიერნმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მან დაურეკა რუმენიგეს და საკუთარი თავი შესთავაზა.

“ოთხშაბათს საღამოს თვითონ რუმენიგემ დამირეკა, მაგრამ იმ მომენტში ვერ ვუპასუხე. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ გადავურეკე. რუმენიგე მანქანაში იყო, ოლიმპიაკოსთან მატჩზე მიდიოდა. დაახლოებით 4-5 წუთი ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ დროებით ფლიკი დანიშნეს და უახლოესი ორი მატჩის შემდეგ გადაწყვეტდა, რას მოიმოქმედებდა. რუმენიგემ მკითხა, ბაიერნში მუშაობით დაინტერესებული ხომ არ ხარ, ჩვენ მწვრთნელს ვეძებთო. ვუპასუხე, რომ ამაზე ჯერ არ მიფიქრია - დრო მჭირდება-მეთქი. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირაში კიდევ დავურეკავდით ერთმანეთს. აი, ასე იყო ყველაფერი სინამდვილეში,” - განაცხადა 70 წლის ვენგერმა beIN Sports-თან ინტერვიუში.

არსენ ვენგერი

ფაქტია, რომ არსენ ვენგერი ბაიერნში არ ინიშნება. გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, რუმენიგეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ფლიკი სეზონის ბოლომდე დატოვოს, ზაფხულიდან კი ფავორიტი ერიკ ტენ ჰაგია. ამსტერდამის აიაქსის მწვრთნელმა განაცხადა, რომ ზაფხულამდე არსად წასვლას არ აპირებს. ცნობილია ისიც, რომ ტენ ჰაგს ბაიერნში მუშაობა ძალიან სურს - ოღონდ მხოლოდ მომდევნო სეზონიდან.

კომენტარები

ბოლო ამბები