Thumbnail

ანჩელოტი გაშვებას გადაურჩა - ნაპოლის პრეზიდენტმა იურისტებს დაუჯერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის პრეზიდენტი გუნდის შედეგებმა და მოთამაშეთა დაუმორჩილებლობამ გააბრაზა
  • აურელიო დე ლაურენტისის აზრით, კარლო ანჩელოტიმ გუნდში ავტორიტეტი დაკარგა
  • პრეზიდენტმა 60 წლის სპეციალისტის გაშვებისგან თავი მისი ხელფასის გამო შეიკავა

ნაპოლის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გათავისუფლებასთან ახლოს იყო, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპეციალისტთან ნაადრევად გამოთხოვება მაინც გადაიფიქრა. 

კარლო ანჩელოტის ნაპოლისთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლაურენტისი აღშფოთებული იყო ნაპოლის ფეხბურთელების საქციელით, როდესაც ისინი მის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრის შემდეგ, ნეაპოლელმა ფეხბურთელებმა კლუბის ბაზაზე დაბრუნებასა და იქ ხუთი დღის განმავლობაში დარჩენაზე, როგორც ეს პრეზიდენტს სურდა, უარი თქვეს და თავ-თავიანთ სახლებს მიაშურეს. 

მეტი ამ თემაზე: სკანდალი ნაპოლიში - ფეხბურთელებმა პრეზიდენტს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს

თავად 60 წლის იტალიელი სპეციალისტი, თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, პრეზიდენტის მოთხოვნას დაემორჩილა და ამით თავიდან აიცილა ჯარიმა, მაგრამ ამის მიუხედავად, ლაურენტისი გაბრაზებული დარჩა, რადგან ჩათვალა, რომ ანჩელოტიმ გუნდში ავტორიტეტი დაკარგა.

როგორც ირკვევა, აურელიო დე ლაურენტისი მზად იყო, კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა, მაგრამ პრეზიდენტს ეს განზრახვა ბოლო მომენტში იურისტებმა გადააფიქრებინეს. საქმე ისაა, რომ გაშვების შემთხვევაში, ნაპოლის ანჩელოტისთვის ხელფასის გადახდა სეზონის ბოლომდე მაინც მოუწევდა.

ნაპოლის ფეხბურთელები ჯენოასთან მატჩისთვის ემზადებიან

ჩემპიონთა ლიგაში, ზალცბურგთან ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, ნაპოლის მოუგებელი სერია 4 შეხვედრამდე გაგრძელდა. სერია A-ში ანჩელოტის გუნდმა ბოლოს რომასთან წააგო (1:2), იქამდე კი ფრედ ატალანტასა (1:1) და სპალ-თან (2:2) ითამაშა.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 11 მატჩის შემდეგ, ნაპოლის 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზეა. მე-12 ტურში, 9 სექტემბეს, ნეაპოლელები შინ ჯენოას მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები