Thumbnail

ეროვნული ლიგის 34-ე ტური ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიხსნა, სადაც დინამომ ბოლნისის სიონს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდი სატურნირო ცხრილში გალიდერდა. გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა, გია გეგუჩაძემ და თემურ შალამბერიძემ მატჩი შეაფასეს. კომენტარი ბათუმელთა შემტევმა, თორნიკე გაფრინდაშვილმაც გააკეთა. 

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

“დადებითად შევაფასებ თამაშს, რადგან მთელი 90 წუთის განმავლობაში უპირატესობას ვფლობდით, რაც გოლებში აისახა. ეს ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩემპიონობისთვის ბრძოლა დაძაბულია, რაც ჩვენთვისაც და კონკურენტებისთვისაც დიდი სტიმულია. არ იყო ადვილი თამაში, თუმცა მეორე გოლის შემდეგ სიონიც დანებდა და სიმწვავემაც იკლო. ხვალ დინამო თბილისის თამაშია, თუმცა გამიჭირდება რაიმე პროგნოზის გაკეთება. ვნახოთ, რა მოხდება”.

თორნიკე გაფრინდაშვილი (დინამო ბათუმი)

“ოთხი მატჩი არ გვქონდა მოგებული და ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. სატურნირო ცხრილში ძალიან დაძაბული ვითარებაა და თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წინ კიდევ ორი მატჩია და მხოლოდ ქულათა მაქსიმუმი გვჭირდება.”

თემურ შალამბერიძე (სიონის მწვრთნელი)

“თამაში დაძაბულად დაიწყო და მსაჯს რომ ჩვენი ფეხბურთელი არ გაეგდო, არავინ იცის, რა მოხდებოდა. არბიტრმა ჩათვალა, რომ წითელი იყო მისაცემი და გააძევა კიდეც აფაქიძე. რომ არა ეს ეპიზოდი, შეგვეძლო ქულის აღება, მაგრამ დინამო ბათუმი ძლიერი გუნდია. მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ”. 

კომენტარები

ბოლო ამბები