Thumbnail
  • 📅 9 ნოემბერი | ⌚ 21:30 | ⚽ ბაიერნი V დორტმუნდი
  • მე-11 ტური გვთავაზობს მატჩს, რომელსაც გერმანიაში მოუთმენლად ელიან ხოლმე
  • ეს დუელი რეკორდმაისტერის დროებითი მწვრთნელის შანსია

შაბათს, მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღება მიუნხენისკენ იქნება მიპყრობილი - ბაიერნი, რომელიც წინა ტურში აინტრახტთან 1:5 დამარცხდა (სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაუშვეს ნიკო კოვაჩი), ბუნდესლიგის მთავარ მატჩში დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს (წინა ტურში 3:0 ვოლფსბურგთან).

სწორედ ბაიერნის სამწვრთნელო საკითხია ამ მატჩის ერთ-ერთი დამატებითი ინსტრიგა - კოვაჩის გაშვების შემდეგ, რეკორდმაისტერს დროებით ჰანსი ფლიკი წვრთნის. გერმანული სპორტული მედია წერს, რომ დორტმუნდთან დუელი ფლიკისთვის განსაკუთრებული შანსია - თუ ბაიერნი ბორუსიას მოიგებს, შესაძლოა, ფლიკი სეზონის ბოლომდე დატოვონ. მისთვის პოსტის შენარჩუნება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბაიერნში მუშაობაზე უარი თქვეს ერიკ ტენ ჰაგმა (აიაქსი), თომას ტუხელმა (პსჟ) და რალფ რანგნიკმა (ლაიპციგი), არსენ ვენგერის დანიშვნა კი მიუნხენში თვითონ გადაიფიქრეს. ფლიკმა ერთ მატჩში ბაიერნს უკვე წარმატებით უხელმძღვანელა: ოთხშაბათს ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ოლიმპიაკოსს 2:0 მოუგო და მერვედფინალში თამაში გაინაღდა.

ბაიერნის დროებითი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი თომას მიულერს ენდობა

დორტმუნდელები ბაიერნთან პრინციპულ შეხვედრას შესანიშნავ ხასიათზე ხვდებიან. ჩემპიონთა ლიგაში ბორუსიამ მილანის ინტერთან 0:2 შეატრიალა და 3:2 მოიგო. ეს BVB-სთვის ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. თუმცა დორტმუნდს, რომელმაც ჯეიდონ სანჩო და მარკო როისი დაკარგა, ბაიერნთან დუელებში ბოლო დროს ცუდი მოგონებები აკავშირებს: ბორუსიამ მიუნხენში ბოლო 5 ოფიციალური მატჩი წააგო, აქედან 4 კი დიდი ანგარიშით - 2018/2019 წლების სეზონში 0:5, 2017/2018 წლების სეზონში 0:6, 2016/17 წლების სეზონში 1:4 და 2015/2016 წლების სეზონში 1:5. დორტმუნდი სხვა არცერთ მეტოქესთან არ ელოდება ქულას ამდენი ხანი.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას ბოლო დროს შინ მარტივად უგებს. ბუნდესლიგის ეგიდით ამ გუნდებს შორის მიუნხენში გამართული ბოლო 4 მატჩი ბავარიელებმა მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგეს. 

⚽ შარშან, ბაიერნმა დორტმუნდი მიუნხენში 5:0 გაანადგურა, შარშანწინ კი - 6:0.

⚽ წინა ტურში ბაიერნი ფრანკფურტის აინტრახტთან 1:5 დამარცხდა, რის შემდეგაც რეკორდმაისტერის ბოსებმა მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გაათავისუფლეს. ბაიერნს ახლა დროებით ჰანსი ფლიკი წვრთნის.

⚽ 10 ტურის შემდეგ ბაიერნს უფრო მეტი გოლი აქვს გაშვებული (16), ვიდრე ბუნდესლიგის სხვა 9 საუკეთესო გუნდს. თუმცა ბაიერნს საშუალოდ თამაშში ყველაზე მეტი, 2,5 გოლი გააქვს.

⚽ ბუნდესლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩიდან 4-ში ბაიერნმა ორივე ტაიმში გაიტანა. 

⚽ დორტმუნდი ბაიერნს 1 ქულით უსწრებს და ბუნდესლიგაში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3 მოგება, 4 ფრე). 

⚽ დორტმუნდს მიუნხენში ბუნდესლიგის ეგიდით 2014 წლის შემდეგ აღარ მოუგია. 

⚽ დორტმუნდი განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმებს თამაშობს - ბოლო 3 ოფიციალურ მატჩში ბორუსიამ რვავე გოლი შესვენების შემდეგ გაიტანა.

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში ზედიზედ 10 მატჩში გაიტანა და რეკორდი დაამყარა. პოლონელი თავდამსხმელი ამ დუელის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - ბაიერნისა და დორტმუნდის მატჩებში მას ჯამში 21 გოლი აქვს გატანილი.

⚽  ბუნდესლიგაში ბაიერნის ბოლო 4 თამაშიდან 3-ში პირველი გოლი საწყის 15 წუთში გავიდა.

⚽ ბაიერნსა და დორტმუნდს შორის ბოლო 3 ოფიციალურ მატჩში პირველ 15 წუთშიც გავიდა გოლი და ბოლო 15 წუთშიც.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი - პავარი, ხავი მარტინესი, ალაბა, დევისი - კიმიხი - თ. მიულერი, გორეტცკა - გნაბრი, ლევანდოვსკი, კომანი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ჰუმელსი, ნ. შულცი - ვიტსელი, დილეინი - ჰაკიმი, ბრანდტი, თ. აზარი - პაკო ალკასერი (ან მარიო გიოტცე).

კომენტარები

ბოლო ამბები