Thumbnail

მტკივანი მუხლებით – ქართველი სუმოისტები კიუშუს ბაშოს ტრავმირებულები ხვდებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინი ოძეკის წოდების დასაბრუნებლად იბრძოლებს
  • გაგამარუს ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა

იაპონიის სუმოს ასოციაციამ მოახლოებული ნოემბრის ბაშოს საწყისი დღეების განრიგი გამოაქვეყნა და მეტოქეთა ვინაობა ქართველმა სეკიტორებმაც შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ წლის დასკვნითი სუპერტურნირი 10-24 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე შედგება, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კი შეჯიბრს კვლავაც ტრავმირებულები ხვდებიან და ფინიშამდე მისვლას შესძლებენ თუ ვერა, გაურკვეველია.

32 წლის ტოჩინოშინმა ზედიზედ ორ ბაშოზე – ივლისსა (0-15) და სექტემბერში (6-9) უარყოფითი ბალანსი დააფიქსირა და სუმოს ასოციაციამ ოძეკის (ჩემპიონი) წოდება ჩამოართვა. ლევანს პრესტიჟული ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს, ამისთვის კი, მოახლოებულ ტურნირზე 15-დან მინიმუმ 10 ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.

ქართველი სუმოისტი კვირას ბაშოზე დასავლეთის სეკივაკეს რანგში გავა, საწყის ორთაბრძოლებში მისი მეტოქეები კი იაპონელი მე-2 მაეგაშირები იქნებიან.

ტოჩინოშინი თავდაპირველად დასავლეთის წარმომადგენელ მეისეის გაეჯიბრება, რომელთანაც მაისში გამართული ერთადერთი შერკინება წაგებული აქვს, ორშაბათს კი ჩვენებურის პირისპირ აღმოსავლეთელი მიოგირიუ დადგება.

ამ უკანასკნელთან ქართველს გაცილებით ხანგრძლივი ნაცნობობა აკავშირებს. ტოჩინოშინი იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 12:10-ს ამარცხებს, თუმცა კი, მასთან ბოლო 3 შერკინება წაგებული აქვს, მათ შორის, სექტემბრის ბაშოს ბოლოსწინა დღეს, რამაც ლევანს ოძეკის წოდება ოფიციალურად დააკარგვინა.

ტოჩინოშინს მუხლის ქრონიკული ტრავმა ისევ აწუხებს და მართალია, კიუშუ ბაშოსთვის მზადების ციკლში კარგად გამოიყურებოდა, ტკივილებმა თავი შეიძლება ნებისმიერ წამს იჩინოს. ამდენად, ქართველი სუმოისტის ასპარეზობაზე რაიმე პროგნოზის გათვლა ჭირს და ერთადერთი იმედიღა შეგვიძლია გამოვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის.

გაგამარუს სეკიტორის წოდების დაკარგვა ემუქრება

კიდევ უფრო რთული ვითარებაა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელთან დაკავშირებით, რომელსაც ტკივილები ორივე მუხლში აწუხებს და მისი ნოემბრის სუპერტურნირზე გამოსვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

საბოლოოდ, გაგამარუმ ბრძოლაში ჩართვა მაინც გადაწყვიტა და ამ საქმიდან რა გამოვა, სასტარტო დღეებშივე ვნახავთ.

გასული შეჯიბრის შედეგების გათვალისწინებით, ქართველი გოლიათი რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში მე-12 ნომრის პოზიციამდე ჩამოქვეითდა და თუკი ისევ უარყოფით ბალანსზე გავიდა, დიდი ალბათობით, სეკიტორის ტიტულს დაკარგავს და მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში აღმოჩნდება.

32 წლის გაგამარუ კიუშუ ბაშოზე პირველ ორთაბრძოლას ჯურიოს დებიუტანტ იაპონელ კოტოშოჰოსთან ჩაატარებს, რომელსაც ერთადერთხელ შეხვედრია და დამარცხებული ჰყავს.

დასასრულ ვთქვათ, რომ ნოემბრის სუპერტურნირს ტრავმის გამო ერთადერთი სეკიტორი დააკლდება. მონღოლი იჩინოჯო წელის არეში ტკივილებს უჩივის, ვერ ვარჯიშობს, ბოლო მონაცემებით ერთბაშად 34 კგ. დაიკლო და ახლა, “მხოლოდ” 190 კგ-ს იწონის.

კომენტარები

ბოლო ამბები