Thumbnail
  • 33 წლის ფრანგს ლონდონის ჩელსიში სათამაშო დრო თითქმის არ აქვს
  • ფეხბურთელი მილანელთა ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

მილანის ინტერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რამდენიმე შენაძენის გაკეთებას აპირებს, იტალიური მედია კი "ნერაძურის" ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ, ლონდონის ჩელსის თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ასახელებს.

33 წლის ფრანგ ფეხბურთელს, რომელსაც ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, სათამაშო დრო პრაქტიკულად არ აქვს. ფრენკ ლამპარდის გუნდში ჟირუმ ამ სეზონში ყველა ტურნირის სულ 6 მატჩში ითამაშა (1 გოლი), პრემიერლიგაში კი - მხოლოდ 21 წუთით, ბარნლისთან.  

ანტონიო კონტე ოლივიე ჟირუს შესაძლებლობებს ჩელსიში მუშაობის პერიოდიდან იცნობს

მილანელებს თითოეული რგოლის გაძლიერება სურთ, განსაკუთრებით კი ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუსთვის საიმედო და გამოცდილი დამხმარე სჭირდება. ზოგადად, ინტერის თავკაცმა არაერთხელ დაიჩივლა გუნდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და იმაზე, რომ მატჩებში მუდმივად ერთსა და იმავე ფეხბურთელებს ტვირთავს.

თავის მხრივ, ბრიტანული მედია წერს, რომ ლონდონის ჩელსი ჟირუს, პედროსთან ერთად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეელევა. ფრანგის საბაზრო სატრანსფერო ფასად 12 მილიონი ევრო სახელდება.

ინტერის კიდევ ერთ სამიზნედ კი პარმას 19 წლის ნახევარმცველს, დეან კულუშევსკის ასახელებენ. 

სერია A-ში გასული 11 ტურის შემდეგ, მილანის ინტერს 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორეა, ტურინის იუვენტუსის (29) შემდეგ. მომდევნო ტურში კონტეს გუნდი შინ ვერონას მიიღებს. მატჩი 9 ნოემბერს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები