Thumbnail

შაფათავა ფინალშია – ქართველი 100-ათასიანი ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სოფიო შაფათავას და ემილი ვებლი-სმითს ფინალი შაბათს ელით
  • ქართველ და ბრიტანელ ჩოგბურთელებს ერთად 4 ტიტული აქვთ მოგებული

ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა.

შაფათავა შეჯიბრში ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითთან ერთად ჩაება, რომელთან დუეტშიც უკვე 4 ტიტული აქვს მოგებული და ახლა, მორიგ ჯილდოსთანაც ახლოსაა.

სოფიომ და ემილიმ პირველ წრეში მე-3 განთესვის მქონე იაპონელ მიიუ კატოს და მონტენეგროელ დანკა კოვინიჩს 7:5, 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში ჩინელები მეიქი გუო და მეილინ ვანგი 6:3, 6:4 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი ტაილანდურ-ინდონეზიურ წყვილს (პეანგტამ პლიპუეჩი-ალდილა სუტიადი) სძლიეს – 0:6, 6:3, 10:8.

უკვე ცნობილია, რომ ფინალური ორთაბრძოლა ხვალ, 9 ნოემბერს შედგება, შაფათავას და ვებლი-სმითის მეტოქეები კი პირველი განთესვის მქონე იაპონელები ნაო ჰიბინო და მაკოტო ნინომია იქნებიან.
ერთეულთა შეჯიბრში სოფიომ კვალიფიკაცია დასძლია, ძირითად ბადეში კი ჩინელ ჩან ლიუსთან 1:6, 1:6 წააგო.

შენჟენში ძალებს ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი მარიამ ბოლქვაძეც სცდიდა, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია. მარიამი ერთეულებში სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან 1:6, 3:6 დამარცხდა, წყვილებში კი, ბოლქვაძე და სერბი ნატალია კოსტიჩი ჩინელებს – ქსინიუ ვანგს და ლინ ჟუს ვერ გაუმკლავდნენ – 3:6, 1:6.

მიმდინარე კვირაშივე საფრანგეთის ქალაქ სენტ ეტიენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ცდიდა ძალებს ეკატერინე გორგოძე. მან საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ სალმა ჟუბრის აჯობა, მერვედფინალში კი კიდევ ერთ ფრანგ ესტელ კასკინოსთან 1:6, 1:4 მარცხდებოდა, როდესაც თამაში შეწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები