Thumbnail

NBA | კავაი ლეონარდმა კლიპერსს მე-6 და მწვრთნელს მე-900 თამაში მოაგებინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 107:101 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • კავაი ლეონარდის 27 ქულა და 13 მოხსნა
  • კლიპერსის მწვრთნელისთვის ეს მე-900 გამარჯვებაა
  • მომდევნო მატჩში კავაი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს

კავაი ლეონარდი ლოს ანჯელეს კლიპერსს დაუბრუნდა და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან 107:101 მოაგებინა. კლიპერსისთვის ეს ამ სეზონში მე-6 გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩში, რომელიც ლოს ანჯელესელებმა მილუოკისთან წააგეს, ლეონარდი ისვენებდა. 27 ქულით, 13 მოხსნით და 4 პასით კავაი საუკეთესო იყო. ორმაგი დუბლი შეასრულა ივიცა ზუბაცმაც (15/13), ლუ უილიამსმა კი ‘სკამიდან’ 26 ქულა ჩააგდო.

პორტლენდიდან საუკეთესოები დამიან ლილარდი (22/6/6) და სი ჯეი მაკკოლუმი (22/7/3) იყვნენ, თუმცა მეოთხე მეოთხედში მათ ვერაფერი გააწყვეს. გუნდისთვის, რომელიც შარშან დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა (გოლდენ სტეიტთან სერიაში 0:4 დამარცხდა), ეს ამ სეზონში ზედიზედ მესამე წაგება გახლდათ. 

მეოთხე პერიოდის დასაწყისში კლიპერსი 8 ქულით აგებდა. კავაი ლეონარდმა თავისი გუნდი მატჩის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე Jump-Shot-ით დააწინაურა, უილიამსმა კი კლიპერსს საჯარიმო ნიშნულიდან 3-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ამის შემდეგ ჰასან უაითსაიდმა ანგარიში გაათანაბრა (98:98). თუმცა უილიამსმა კლიპერსს მაინც მოუტანა გადამწყვეტი უპირატესობა. ბოლო ქულები კი ისევ კავაის ანგარიშზე იყო.

კლიპერსის მთავარი მწვრთნელისთვის, დოკ რივერსისთვის ეს NBA-ში საიუბილეო, მე-900 გამარჯვებაა. იგი მხოლოდ მე-13 მწვრთნელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ასეთ შედეგს მიაღწია.

პორტლენდთან გამარჯვების შემდეგ, კლიპერსი დასავლეთ კონფერენციაში 6 მოგებითა და 3 მარცხით მე-4 ადგილზეა. პორტლენდს 3 მოგება და 5 წაგება აქვს. მომდევნო მატჩში კლიპერსი ჩემპიონ ტორონტო რეპტროსს შეხვდება - კავაი ლეონარდი თავის ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდება.

📺 ვიდეო: კლიპერსი 107:101 პორტლენდი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები