Thumbnail
  • პიონჩანში გამოსვლა მესამე ქართველმა ოლიმპიელმა დაასრულა.
  • 22 წლის მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 128,01 ქულა მოიპოვა.
  • ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი იაპონელებმა გაინაწილეს.

 პიონჩანში მედლები ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა. თამაშებში გამოსვლა მესამე ქართველმა ოლიმპიელმა დაასრულა. დღეს, თბილისის დროით გამთენიისას, ყინულზე მორის ყვითელაშვილი გავიდა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 128,01 ქულა დაიმსახურა და საბოლოოდ 24-ე ადგილს დასჯერდა.

მორისი უნაკლოდ ვერც თავისუფალ პროგრამაში გამოვიდა

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს გამართულ მოკლე პროგრამაში ყვითელაშვილმა 22-ე შედეგი (76,56 ქულა) აჩვენა და 24 მონაწილეს შორის მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების უფლება თავისუფალ პროგრამაში მოიპოვა.

22 წლის ქართველმა მოციგურავემ ჯამში 204,57 ქულა (მოკლე: 76,56, თავისუფალი: 128,01) დააგროვა და ოლიმპიადა 24-ე ადგილზე დაასრულა.

მორის ყვითელაშვილი თავისუფალ პროგრამაში

ფიგურულ ციგურაობაში ოლიმპიური ოქრო ზედიზედ მეორედ მოიპოვა იაპონელმა იუზურუ ჰანიუმ (317,85). მეორე ადგილზეც მისი თანამემამულე გავიდა - შომა უნო (306,90). ბრინჯაოს კი ესპანელი ხავიერ ფერნანდესი დასჯერდა (305,24).

აღსანიშნავია, რომ 23 წლის ჰანიუმ სეზონის ნაწილი სერიოზული ტრავმის გამო გამოტოვა და ვერც თამაშებისთვის გამართულ შიდა შესარჩევში შეძლო გამოსვლა, თუმცა იაპონიის ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში ის მაინც მოხვდა, როგორც მსოფლიოს ჩემპიონი.

ამ შემთხვევაში დროშის ზომა არაფერს ნიშნავს, მთავარი მედლის სინჯია

პიონჩანში უკვე იასპარეზეს მოციგავე გიორგი სოღოიანმა და სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა. საქართველოს ოთხკაციანი ოლიმპიური გუნდის ბოლო წარმომადგენელი იასონ აბრამაშვილი გიგანტურ სლალომსა (18 თებერვალი) და სლალომში (22 თებერვალი) იბრძოლებს.

► სოღოიანი 30-ეულს მიღმა - ოქრო ავსტრიელმა გლაიშერმა მოიგო!

► ნინო წიკლაურის პირადი რეკორდი და შვედი ჰანსდოტერის ტრიუმფი სლალომში

მოსკოვში დაბადებულმა მორის ყვითელაშვილმა საქართველოს სახელით ასპარეზობა 2016 წლის ზაფხულიდან გადაწყვიტა. 

ქართველი მოციგურავის კარიერის საუკეთესო შედეგი ჯამში 250,26 ქულაა (Rostelecom Cup 2017).

კომენტარები

ბოლო ამბები