Thumbnail
  • ახალ ზელანდიაში სტივ ჰანსენის შემცვლელს ეძებენ
  • 'ოლ ბლექსს' შობისთვის ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება
  • ორი 26-კაციანი სია - საიდუმლო და გაცხადებული

ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებს წარუმატებელი მსოფლიო თასი ჰქონდა, "ოლ ბლექსმა" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა და იაპონიაში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა. მსოფლიო თასის დასრულებისთანავე დატოვა პოსტი "შავების" მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ორ თასზე გაიყვანა - 2015 და 2019 წლებში და 3 მატჩი მოაგებინა.

ახალი ზელანდიის სახელმწიფო ტელევეიზია TVNZ-მ (Television New Zealand) სამწვრთნელო საკითხზე ახალი ზელანდიის რაგბის ბოსი ბრენტ იმპი ჩაწერა. ახალი ზელანდიის ნაკრებს ახალი მწვრთნელი შობის დღესასწაულამდე უნდა ეყოლოს. თავიდან 26 კანდიდატი განიხილება, აღსანიშნავია, რომ ყველა "კივია", უცხოელთა კანდიდატურები არ განიხილება.

"ვფიქრობ, რომ თქვენ თავადაც შეძლებთ იმ 26 კანდიდატის სიის შედგენას. თქვენ მათ ყველას კარგად იცნობთ. ჩვენც ასე გავაკეთეთ - დავსხედით და ჩამოვწერეთ 26 მწვრთნელი - უცხოურ ნაკრებებში დაკავებულები, სუპერ რაგბიში მოღვაწეები, უცხოურ კლუბებში დაკავებულები..."

უორენ გეტლენდი მილტონ ჰეიგი

ახალი ზელანდიის რაგბის ბოსის იდეა TVNZ-ში მოიწონეს და მართლაც ჩამოწერეს ამ 26 კანდიდატის მედიავერსია. მათ გამორიცხეს უორენ გეტლენდი, რადგან ის "ლომებს" გაწვრთნის 2021 წელს, გამორიცხეს უეინ პივაკი, რომელიც გეტლენდს შეცვლის უელსის ნაკრებში. ბრედ მოარი, ჯონ მიტჩელი (ინგლისის ნაკრების დაცვის მწვრთნელი), ანალიტიკოსი ალისტერ როჯერსი და ჯო შმიდტი. 

ამ ყველაფერს დაწვრილებით იმიტომ ვწერთ, რომ 26-კაციან სიაშია მილტონ ჰეიგი, ვინც საქართველოს ნაკრებს 7 წლის განმავლობაში ედგა სათავეში და მსოფლიო თასის შემდეგ გუნდიდან წავიდა იაპონიაში სამუშაოდ. 

კანდიდატებს შორის ფავორიტები კრის ბოიდი, ლეონ მაკდონალდი, კოლინ კუპერი, ჯონ პლამტრი, აარონ მაუგერი და ტომ კოვენტრი არიან. 

ბუნებრივია, არავინ იცის, არის თუ არა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის 26-კაციან სიაში მილტონ ჰეიგი, თუმცა იმპლის მინიშნებით, წესით, უნდა იყოს. ისიც, ცხადია, რომ "ბორჯღალოსანთამ" ყოფილ თავკაცს "ოლ ბლექსის" ჩაბარების ძალიან მცირე შანსი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები