Thumbnail
  • მარსელო გალიარდომ სახელი რივერ პლეიტში მუშაობით გაითქვა
  • არგენტინელმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდე უნდა შეცვალოს

ბარსელონას დეკემბერში ახალი მწვრთნელი ეყოლება და ის რივერ პლეიტის ამჟამინდელი თავკაცი მარსელო გალიარდო იქნება. ამ ინფორმაციას ესპანური AS ავრცელებს.

გაზეთს დასტურად არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, აწ კი სატელევიზიო კომენტატორის კლაუდიო ბორხის სიტყვები მოჰყავს.

“გალიარდო ბარსას მწვრთნელის პოსტს უკვე დეკემბერში დაიკავებს. დღესდღეობით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. რივერის პრეზიდენტ როდოლფო დ’ონოფრიოს მარსელოსთან განშორება არ სურს, თუმცა, ჩემი წყაროს ინფორმაციით, საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია” – აღნიშნა ბორხიმ.

ცნობისთვის, გალიარდო არგენტინულ გრანდს 2014 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით, რივერმა არგენტინის ჩემპიონატი და ლიბერტადორესის თასი ორ-ორჯერ მოიგო.

ამ უკანასკნელ ტურნირზე რივერ პლეიტი წლეულსაც კარგად ირჯება და უკვე ფინალშია გასული, სადაც 23 ნოემბერს ბრაზილიურ ფლამენგოს ეთამაშება.

ბარსელონაში ახალი მწვრთნელის მიწვევის საკითხი ბოლო პერიოდში გააქტიურდა, რადგანაც ერნესტო ვალვერდეს ხელში გუნდი დამაჯერებლად ვეღარ ირჯება.

კატალონიურ გრანდს ლა ლიგის 11 ტურში უკვე 3 წაგება (მათ შორის, 2 ნოემბერს, 1:3 ლევანტესთან) აქვს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში კი, შინ, პრაღის სლავიასთან უგოლო ფრეს დასჯერდა და ტურნირის ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები