Thumbnail
  • ლევან კობიაშვილის LIVE ფეისბუქზე
  • სფფ-ის პრეზიდენტმა გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა
  • მან ეროვნულ ლიგაზე, დინამო ბათუმზე, ქუთაისის ტორპედოსა და ვაისის მომავალზე ისაუბრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფეისბუქზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს კობიაშვილის პასუხებიდან.

ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) 

“ეს ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია მათ შორის, რაც მე მახსოვს. მარტო ის რად ღირს, რომ ჩემპიონობისთვის 3 გუნდი იბრძვის. ანუ, ის ფორმატი, რაც ჩვენ შევქმენით, წარმატებით მუშაობს.

ემოციური ფონი, რაც ჩიხურა-დინამო ბათუმის თამაშს მოჰყვა, გასაგებია. მიუღებელი იყო კლუბის ხელმძღვანელის პოზიცია და ეს ვთქვი კიდეც ერთ-ერთ გადაცემაში. არ ვამბობ, რომ პროტესტის და კრიტიკის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მსაჯის შეურაცხყოფა მიუღებელია. ასეთ დროს, ევროპაშიც მიღებულია ჯარიმები და ასე იქნება ჩვენთანაც.

'მეც გეთანხმებით, რომ მსაჯი შეცდა, როდესაც პენალტი არ დანიშნა'

რაც შეეხება მსაჯ გიორგი კიკაჩეიშვილს: მეც გეთანხმებით, რომ შეცდა, როდესაც თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. როგორც წესი, ყველა ქვეყანაში, მსაჯის მიერ გაწეული სამუშაო ფასდება ქულებით. თუ შეფასება დაბალია, მსაჯმა შეიძლება ერთი, ან ორი ტური გამოტოვოს, ან ქვედა ლიგაში იმსაჯოს, რაც მათთვის შემოსავლის კლებას ნიშნავს. ეს არის მიღებული ფორმა და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ასე რომ, ორივე შემთხვევაში, როგორც კლუბის მიმართ, ამოქმედდება უკვე აპრობირებული დაჯარიმების მეთოდი.

ფეხბურთელებიც ხშირად ცდებიან, მაგრამ რატომღაც მხოლოდ მსაჯის შეცდომები აღიქმება, როგორც გამიზნული. როდესაც ვამბობთ, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დაჩაგრა გუნდი, მაშინ ფაქტებიც უნდა წარმოვადგინოთ. თუ ეს ფაქტები არ გვაქვს, არ შეიძლება ასე უბრალოდ არბიტრის დადანაშაულება, რადგან ეს აზარალებს ქართული ფეხბურთის იმიჯს. პროტესტი და კრიტიკა მისაღებია, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი.

'ბათუმელთა გამიზნულ ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია'

რაც შეეხება მოედნის საფარს: გეთანხმებით, რომ კატასტროფულ მდგომარეობაშია და იქ დაწყებულია სამუშაოები, რომ მომდევნო სეზონიდან ეს საკითხი მოგვარებული იყოს. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ იმ მინდორზე არა მარტო დინამო ბათუმმა, არამედ საჩხერის ჩიხურამაც და სხვა გუნდებმაც ითამაშეს? ასე რომ, ბათუმელთა გამიზნულ ჩაგვრაზე დაუსაბუთებელი ლაპარაკი მიუღებელია.

აქტუალური თემაა ქუთაისის ტორპედოს გარშემო განვითარებული მოვლენები. მიმდინარე სეზონში ტორპედო მთავარი პრობლემაა. მძიმე ვითარებაში ჩვენ დავეხმარეთ ქუთაისურ კლუბს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და პრობლემა ისევ აქტუალურია. რაც შეეხება ინვესტორებს: ჩვენ შევხვდით ერთ ჯგუფს იტალიიდან, რომლებიც დაინტერესებულები არიან. ვიცი, რომ გერმანელებსაც აქვთ ინტერესი და მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა რით დასრულდება ეს პროცესი, დღეს რთული სათქმელია. ვიცი ისიც, რომ ქართველი ინვესტორებიც დაინტერესებულები არიან ტორპედოთი. იმედია, საკითხი მალე გადაწყდება დადებითად.

'მხოლოდ გამიხარდება თუ ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება'

ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მაგალითად, მიხარია, რომ რუსთავის ცენტრალური სტადიონი, რომელიც კერძო მფლობელობაში იყო, დაუბრუნდა ქალაქის თვითმართველობას. ჩვენ მზად ვართ ამ მოედანზეც დავაგოთ ახალი მინდორი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოების მეორე ნაწილს შეასრულებს და მოაწესრიგებს ინფრასტრუქტურას - იქნება ეს ტრიბუნები, თუ გასახდელები. რა დროსაც მზად იქნება რუსთავის თვითმმართველობა ამისთვის, ჩვენ მაშინვე დავიწყებთ მინდვრის შეცვლის პროცესს.

ხომ არ ვფიქრობთ საქართველო-ბელარუსის მატჩის ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარებას? სიმართლე გითხრათ, ვფიქრობთ ამაზე. თუმცა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, სტადიონი უნდა იყოს მზად ამ მატჩის მისაღებად. პირადად მე, მხოლოდ გამიხარდება თუ ეს მატჩი ამ ულამაზეს სტადიონზე გაიმართება.

'ვაისის მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას'

რაც შეეხება ვლადიმირ ვაისის მომავალს: ფაქტია, რომ მას მოქმედი კონტრაქტი აქვს. მიმაჩნია, რომ მისი მუშაობა დამაკმაყოფილებელია. ცხადია, შედეგის მიხედვით მეტი გვსურს, მაგრამ საერთო ჯამში ვაისის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. დღევანდელი მოცემულობით ვაისის დარჩენა-არდარჩენის საკითხი არ დგას.

ყველას დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის 🙏🏻

Posted by Levan Kobiashvili on ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები