Thumbnail
  • პაატა გურასპაულის თქმით, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა
  • თბილისი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობდა და სპორტულ გადაცემაში “ტაიმაუტი” სხვა საკითხებთან ერთად მომავალ ევრობასკეტთან დაკავშირებულ ამბებზე ისაუბრა.

გურასპაულის ნაამბობიდან 2 სიახლე შევიტყვეთ, ერთი კარგი და ერთიც – ცუდი. კარგი ისაა, რომ ივლისში თბილისი 20-წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის გათამაშებას უმასპინძლებს და ეს, ევრობასკეტისთვის გენერალური რეპეტიცია იქნება.

ცუდი კი ისაა, რომ შესაძლოა, მომავალი ტურნირისთვის ახალი დარბაზი აღარ აშენდეს და მატჩები რომელიმე არსებულ დარბაზში, სავარაუდოდ, ძველ სპორტის სასახლეში ჩატარდეს, რომელსაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.

ტაიმაუტი

👇კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრად #ტაიმაუტში. პაატა გურასპაული: " არაუგვიანეს ერთ კვირაში გადაწყდება აშენდება ახალი,თანამედროვე სტანდარტების დარბაზი თუ რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ძველს." 👇 #საქართველოსპირველიარხი

Posted by საქართველოს პირველი არხი • სპორტი on ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019

აი, კონკრეტულად რა თქვა გურასპაულმა

“მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ, თითქმის 4 თვეა გასული და მუშაობა ნამდვილა არ შეგვიწყვეტია, თუმცა, არის საკითხები, რომელთაც ეს დრო ნამდვილად არ ეყოფოდა.

მთავარი ჩვენი გამოწვევა არის დარბაზი და ფინანსური ვალდებულებები ფიბა-ევროპის მიმართ. 5 ნოემბერს იყო დედლაინი, როდესაც ფიბა-ში პირველადი გადარიცხვა უნდა განხორციელებულიყო და ეს ვალდებულება შესრულდა.

რაც შეეხება დარბაზს. როდესაც ჩვენ მასპინძლობაზე განაცხადი გავაკეთეთ, გვქონდა 2 ვარიანტი: აგვეშენებინა ახალი, თანამედროვე დარბაზი, ანაც ძველი მიგვეყვანა საჭირო კონდიციებამდე. ახლა, სწორედ ამ ეტაპზე ვართ და ყველა შესაბამის უწყებასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.

აქ, ძირითადი 2 საკითხია: დარბაზის ლოკაცია და მშენებლობის ვადები. ეს საკითხი სწორედ ამ დღეებში, ალბათ, ერთ კვირაში გადაწყდება და ვფიქრობ, მიმდინარე წლის ბოლომდე სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყება. მთელი ამ დროის განმავლობაში, ფიბა-ევროპის მიერ მოვლენილნი იქნებიან სპეციალისტები, რომლებიც პროცესს თვალს მიადევნებენ.

სხვათა შორის, სწორედ დღეს დილით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიგა ქართველიშვილი გერმანიის ქალაქ კიოლნში გაფრინდა და იქ დაგეგმილ გამგეობის სხდომას დაესწრება, სადაც ევრობასკეტი 2021-თან დაკავშირებული საკითხები იქნება განხილული. ოთხივე მასპინძელ ქვეყანას მოუწევს გარკვეული ანგარიშის წარდგენა, თუ როგორ მიმდინარეობს ევროპირველობისთვის მზადება.

თბილისმა უკვე უმასპინძლა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 3X3 კალათბურთში, რომელსაც ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა, თუმცა, მთავარი რეპეტიცია მაინც გაისად ივლისში გველის, როდესაც საქართველოს დედაქალაქი 20-წლამდე კალათბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩებს მიიღებს.

ტურნირში მონაწილეობას 22 ნაკრები მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს 8 დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან. სწორედ ამ დრო ნახავენ ფიბა-ში რა შეგვიძლია, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ტურნირს ორგანიზაციის არაერთი მაღალჩინოსანი დაესწრება”.

შეგახსენებთ, რომ ქართული კალათბურთისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 15 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამოცხადდა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო კიდევ სამ ქვეყანასთან (იტალია, ჩეხეთი, გერმანია) ერთად, პრესტიჟული ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი იქნებოდა.

თუკი ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, თბილისში ასაშენებელი ახალი ანაც გარემონტებული ძველი დარბაზი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი, რომელშიც ტრადიციულად 24 ნაკრები ჩაერთვება, სტარტს 17 აგვისტოს აიღებს და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები