Thumbnail
  • ბუტაევა და ბერულავა მხოლოდ რუს მოციგურავეებს ჩამორჩნენ
  • შარშან, Volvo Open Cup-ზე, ჩემპიონობა კაზაკოვამ და რევიამ იზეიმეს

ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას ქართული წყვილი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს, საქართველოსთვის სპორტული წყვილების კატეგორიაში აღებული პირველი და შესაბამისად, ისტორიული მედალია.

ცნობისთვის, Volvo Open Cup-ში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი 200-მდე მოციგურავე იღებდა. გასული წლების მსგავსად, შეჯიბრი სენიორების, იუნიორების, ნოვისებისა და საშუალედო ნოვისების კატეგორიაში ჩატარდა.

📺 ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას მოკლე პროგრამა

საინტერესოა, რომ ბუტაევა და ბერულავა კარიერაში მხოლოდ მე-3 საერთაშორისო ტურნირზე წარსდგნენ. ქართველმა სპორტსმენებმა ლატვიას პოლონეთისა და ხორვატიის გრან პრის ეტაპებზე ასპარეზობის შემდეგ მიაშურეს და უკვე მიღებული გამოცდილება ძალიან წაადგათ.

ქართულმა წყვილმა როგორც მოკლე (55.82 ქულა), ასევე თავისუფალ პროგრამაში (100.62) მე-3 ადგილი დაიკავა და ჯამური 156.54 ქულით ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

📺 ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას თავისუფალი პროგრამა

ბუტაევას და ბერულავას წინ მხოლოდ რუსები აღმოჩნდნენ, ჩემპიონები კი აპოლინარია პანფილოვა და დმიტრი რილოვი (182.15) გახდნენ, რომლებიც 2019 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელები არიან და ამით, ბევრი რამაა ნათქვამი.

საერთო ჯამში, რიგის ტურნირი ქართველი მოციგურავეებისთვის იღბლიანად უნდა მივიჩნიოთ: სწორედ Volvo Open Cup-ზე, შარშან, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იუნიორ მოცეკვავე წყვილთა კატეგორიაში ჩემპიონები გახდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები