Thumbnail

რომში გლაზგოელი ფანები დაჭრეს – ლაციო-სელტიკი მძიმე ფონზე ჩაივლის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფანებს შორის უთანხმოება სათავეს პირველი მატჩიდან იღებს
  • თამაშზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული რაოდენობა იქნება მობილიზებული

გლაზგოს სელტიკის 2 ფანი დაჭრეს რომში, სადაც შოტლანდიური გუნდი უეფა-ს ევროპის ლიგის მატჩის ჩასატარებლად არის ჩასული. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები ორივე შემთხვევაში ფეხშია მიყენებული, ამდენად, გულშემატკივრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ირკვევა, გლაზგოელ სტუმრებს ადგილობრივებთან უთანხმოება ერთ-ერთ ირლანდიურ პაბში სმისას მოუვიდათ. ინციდენტის კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა, სავარაუდოა, რომ ის საფუძველს ლაციოს და სელტიკის პირველი მატჩისგან იღებს.

იტალიურმა და შოტლანდიურმა გუნდებმა 24 ოქტომბერს გლაზგოში ითამაშეს და მაშინ ადგილობრივმა ფანებმა სტუმრებს შეუარცხყოფა არაერთხელ მიაყენეს.

ლაციოს ფანები გლაზგოელთა ამ ბანერმა გააღიზიანა

სელტიკის ულტრასების სექტორს არაერთი მწარე შეძახილი ჰქონდა მომზადებული, რომაელთა ყველაზე დიდი უკმაყოფილება კი იმ ბანერმა გამოიწვია, რომელზედაც იტალიელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი თავდაყირა იყო ჩამოკიდებული.

მაშინვე ითქვა, რომ ლაციოს გულშემატკივრები, რომლებიც ფაშისტურ შეხედეულებებთან შორს არ დგანან, შურს იძიებდნენ და როგორც სჩანს, სიტყვის ასრულებაც დაიწყეს.

დღევანდელი შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება და უეფა-ს ის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ჰყავს აყვანილი.

თამაშზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა იქნება მობილიზებული, რომლებიც იმედია, დამატებით სისხლისღვრას აღარ დაუშვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები