Thumbnail

ბაიერნი ვენგერს ელაპარაკება! რას გეგმავენ მიუნხენელები 70 წლის არსენთან ერთად

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნი ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას აგრძელებს
  • ფავორიტი ახლა არსენ ვენგერია
  • ‘ბილდის’ ინფორმაციით, მიუნხენელებმა ფრანგთან მოლაპარაკებები დაიწყეს

მიუნხენის ბაიერნმა ნიკო კოვაჩის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. დროებითი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით რეკორდმაისტერმა ოლიმპიაკოსს 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში გაინაღდა.

თუმცა, ბავარიული გრანდის გარშემო ყველა ახალი მწვრთნელის ძიების პროცესზე ლაპარაკობს. მთავარი კანდიდატი 70 წლის არსენ ვენგერია. გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, ლონდონის არსენალის ყოფილ დამრიგებელსა და ბაიერნს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა. შაბათს, რეკორდმაისტერს დორტმუნდის ბორუსიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს, რომლის შემდეგ ბავარიული გრანდის შეფი კარლ-ჰაინც რუმენიგე ვენგერს პირადად შეხვდება. ფრანგმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ მიუნხენში მუშაობა სურს.

ბაიერნს ახალ მწვრთნელს სანაკრებო პაუზის დროს დაუნიშნავენ

“დიახ, ბაიერნის ხელმძღვანელები ვენგერს უკვე ელაპარაკებიან. საქმიანი შეხვედრა სანაკრებო პაუზის დროს გაიმართება,” - ეს ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, ლოთარ მათეუსის სიტყვებია, რომელმაც ‘ბილდს’ ბაიერნსა და ვენგერს შორის მოლაპარაკებები დაუდასტურა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ მწვრთნელის საკითხი რუმენიგემ უნდა გადაწყვიტოს. როგორც ირკვევა, მას ვენგერის დანიშვნა სეზონის ბოლომდე სურს, ზაფხულიდან კი პარი სენ-ჟერმენის დამრიგებლის, თომას ტუხელის დათანხმების იმედი აქვს. ‘ბილდი’ წერს, რომ ვენგერი მზადაა, ამ პირობას დათანხმდეს და რეკორდმაისტერში მხოლოდ სეზონის ბოლომდე დარჩეს.

ვენგერთან მოლაპარაკებებს კარლ-ჰაინც რუმენიგე აწარმოებს

გამოდის, რომ ბავარიული გრანდი ვენგერთან დაკავშირებითაც იმავეს გეგმავს, რაც იუპ ჰაინკესის შემთხვევაში მოიმოქმედა - ‘დონ იუპმა’ 2017 წლის შემოდგომაზე კარლო ანჩელოტი სწორედ სეზონის ბოლომდე შეცვალა.

‘ბილდი’ ასევე წერს, რომ რალფ რანგნიკის ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა - 61 წლის ‘პროფესორ რალფს’ რეკორდმაისტერში მუშაობა არ სურს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ვენგერთან. რუმენიგეს აზრით, ფრანგის ასისტენტი ჰანსი ფლიკი უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები