Thumbnail
  • 📅 8 ნოემბერი  | ⌚ 19:00 | ⚽ დინამო ბათუმი V სიონი
  • 34-ე ტურის პირველი მატჩი ბათუმში, ანგისას ბაზაზე გაიმართება
  • გია გეგუჩაძის გუნდი 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას შეეცდება

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და სწორედ ეს ტურები გადაწყვეტს, ვინ გახდება 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი. გასულ ტურში ლიდერი შეიცვალა, პირველ ადგილზე დინამო თბილისი აღზევდა, დინამო ბათუმის მიზანი კი დაკარგული პოზიციის დაბრუნებაა. ამისთვის აუცილებელია, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ნავსი გატეხოს და საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონი დაამარცხოს.

33 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის ლიდერი დინამო თბილისია, რომელსაც 66 ქულა აქვს. 64 ქულით მეორე ადგილს დინამო ბათუმი იკავებს. 61 ქულით მესამე ადგილზე საბურთალოა, რომელიც ჩემპიონობის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტად დინამო თბილისი მოჩანს, მაგრამ მიმდინარე სეზონი პროგნოზებს ნაკლებად ექვემდებარება. მით უმეტეს, ფელის ვისენტეს გუნდს წინ ორი გასვლითი მატჩი ელის და მათ შორის, ერთი გორში, დილასთან, სადაც მოგება ტრდიციულად რთული საქმეა. აქვე აღვნიშნოთ, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის საფუძველზე, ჩემპიონი ბათუმური გუნდი გახდება. 

ქვიზი | რა იცი დინამო ბათუმის შესახებ?

დინამო ბათუმი სიონს დანაკლისით შეხვდება. გაბრიელ რამოსმა ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და დისკვალიფიცირებულია. ტრავმირებულები არიან ნიკოლოზ საბანაძე, გიორგი ილურიძე და გურამ ადამაძე. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა და ვარჯიშს შეუდგა ლევან გეგეჭკორი. სავარაუდოდ, გეგუჩაძე დაცვის მარჯვენა ფრთაზე გეგეჭკორს დააყენებს, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ ახლადგამოჯანმრთელებულ მცველს გეგუჩაძემ ისევ კიჭი მელიავა ამჯობინოს. ბოლნისის სიონი ბათუმში ოპტიმალური შემადგენლობით ჩავა: არც ტრავმირებულია ვინმე და არც დისკვალიფიცირებული.

ექსპერიმენტების დრო არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩები დინამო ბათუმისთვის წარუმატებელი იყო, გია გეგუჩაძე ტაქტიკას, სავარაუდოდ, არ შეცვლის. გამომდინარე იქიდან, რომ გაბრიელ რამოსი დისკვალიფიცურებულია, წინა ხაზზე მის ადგილს გიული მანჯგალაძე დაიკავებს, საყრდენ ხაზს კი ვლადიმერ მამუჩაშვილი და ბენჟამინ ტეიდი გაამაგრებენ. შეტევაში ასევე ვიხილავთ ჯაბა ჯიღაურს, ფლამარიონ ჯოვინოს და ლადო დვალიშვილს.

დინამო ბათუმს რთული პერიოდი უდგას: გუნდს 4-მატჩიანი მოუგებლი სერია აქვს, ბოლო ტურში ჩიხურასთან განცდილმა მარცხმა კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც popsport-თან ინტერვიუში ლადო დვალიშვილმა თქვა, გუნდი მზადაა, გადალახოს კრიზისი და დარჩენილი მატჩები მაღალ დონეზე ჩაატაროს.

წაიკითხე: 'პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ' - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

ბრძოლა ბოლომდე!

ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი)
“შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს, რადგან ქულების დაკარგვა, შეიძლება, საბედისწერო გამოდგეს. ამიტომ, სრული კონცენტრაცია გვმართებს და გამარჯვების გარდა, სხვა ყველა შედეგი მიუღებელია. მთავარი, რაც უნდა შევცვალოთ, ეს მომენტების რეალიზაციაა. წინა შეხვედრებში 100%-იანი მომენტები გავაფუჭეთ და მათი ნახევარი მაინც რომ გამოგვეყენებინა, დღეს სხვა რეალობა იქნებოდა. ამიტომ, პირველ რიგში, ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

გიული მანჯგალაძე (დინამო ბათუმი)
“ბოლო ტურებში ბევრი ქულა დავკარგეთ და ამის უფლება აღარ გვაქვს. დარჩენილი თამაშები უნდა მოვიგოთ და ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ამისთვის საგოლე მომენტების რეალიზაციაა საჭირო. კონკურენტზე ვართ დამოკიდებულები, თუმცა ეს არ შეგვიშლის ხელს, რომ მხოლოდ ჩვენ თამაშებზე ვიყოთ კონცენტრირებულები. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ბრძოლა კი ბოლომდეა საჭირო". 

ლევან ხმალაძე (ბოლნისის სიონი)
“ბოლო ორი თამაში მოვიგეთ, რამაც გამოასწორა გუნდში ვითარება. უფრო თვითდაჯერებულები გავხდით, რაც მნიშვნელოვანია ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან თამაშის წინ. ბათუმში თამაში რთულია და ქულა არ იქნება ცუდი შედეგი, მაგრამ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ. 3 ქულა გვჭირდება იმისთვის, რომ ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე შევინარჩუნოთ ადგილი".

დინამო ბათუმის პრობლემა: საგოლე მომენტების რეალიზაცია
 

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 1 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

⚽ დინამო ბათუმმა წინა ტურში ეროვნული ლიგის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

⚽ დინამო ბათუმს ეროვნული ლიგის ბოლო 4 თამაშია არ მოუგია.

⚽ სიონს ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს.

⚽ სიონმა ეროვნული ლიგის ბოლო 5 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა.

⚽ წელს გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე მატჩი დინამო ბათუმმა მოიგო.. 

⚽ წელს გამართულ ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 13:3 დინამო ბათუმის სასარგებლოდ.

⚽ დინამო ბათუმი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის, სიონის მიზანი კი ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

13 გოლი სიონის კარში 💥

დღეს თამაშის დღეა! მოდი ანგისაზე: დინამო ბათუმი V სიონი ბოლნისი #წინდინამო #FCDB

Posted by FC Dinamo Batumi on ხუთშაბათი, 07 ნოემბერი, 2019

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, კობახიძე, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ჯოვინო, მანჯგალაძე - დვალიშვილი

სიონი (3-5-2): გოშაძე - აფაქიძე, თომაშვილი, უგრეხელიძე - ივანიშვილი, თარხნიშვილი, თარგამაძე, ხმალაძე, სუხიაშვილი - გვარაძე, უგულავა

კომენტარები

ბოლო ამბები