Thumbnail

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა ვაშინგტონ უიზარდს უმასპინძლა და 121:106 დაამარცხა. ინდიანას 8 მატჩიდან 4 მოგება აქვს, მომდევნო მეტოქე დეტროიტია (შინ, 9 ნოემბერი. 04:00 თბილისის დროით).

გოგა ბითაძემ 20:01 წუთში 13 ქულა (3-6 თამაშიდან, 6-8 საჯარიმოდან) ჩააგდო, რაც მისი კარიერის რეკორდია NBA-ში. გოგას ანგარიშზეა 3 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 1 პასი. მან მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო (წინა ორ შეხვედრაში 6-6 ფოლით გავარდა). სამწუხაროდ, შეწყდა მისი საოცარი სერია დაფარებებში (ზედიზედ სამ მატჩში 4-4 დაფარება), ვაშინგტონთან მას ბლოკ-შოტი არ ჰქონია. +/- კოეფიციენტი ბითაძეს გუნდში ყველაზე ცუდი ჰქონდა - 9.

📺 ვიდეო: გოგა ბითაძის მთავარი მომენტები ვაშინგტონთან მატჩში

ინდიანას ვარსკვლავური დუეტიდან - მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი - ლიტველი გამოჯანმრთელდა და მან სასტარტო ცენტრის პოზიციაზე ითამაშა. 20 წლის ქართველმა ახალბედამ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა.

გოგამ შესანიშნავად ითამაშა პირველ ნახევარში - 8:31 წუთში 11 ქულა ჩააგდო (1 სამქულიანი), რასაც თითო მოხსნა და პასი მიუმატა. პირველ ორ მეოთხედში გოგა მხოლოდ მაკდერმოტს (17 ქულა) ჩამორჩა. ინდიანამ პირველი ნახევარი 8 ქულის სხვაობით მოიგო. 

გოგა მოედანს მესამე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაუბრუნდა. მეორე ნახევარში ქართველმა ოდნავ მეტი ითამაშა, თუმცა მონაგარს ბევრი ვეღარ შემატა.

ინდიანას რიგებში 22 ქულა ტი ჯეი უორენმა ჩააგდო, 19 - დაგ მაკდერმოტმა, 18 - აარონ ჰოლიდეიმ. საბონისის ანგარიშზე 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასია. დამარცხებულთა რიგებში ბრედლი ბილმა 30 ქულა ჩააგდო, ხოლო გოგას ვიზავი თომას ბრაიანტმა 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.   

კომენტარები

ბოლო ამბები