Thumbnail

‘იმედი მაქვს, ტკივილის გარეშე ვითამაშებ’ – ბასილაშვილს ოპერაცია ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ჩოგბურთელს მარჯვენა იდაყვი დიდი ხანია აწუხებს
  • ბასილაშვილის შესაძლო არყოფნა საქართველოს ATP CUP-ის მიღმა დატოვებს

27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილს დღეს ოპერაცია ელის. მოგეხსენებათ, ნიკას იდაყვის არეში ტკივილები დიდი ხანია აწუხებდა, რის გამოც მიმდინარე სეზონის ბოლო მონაკვეთი არცთუ წარმატებული გამოუვიდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

“მარჯვენა იდაყვზე პირველი ოპერაცია უნდა გავიკეთო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და ტკვილის გარეშე თამაშს შევძლებ”, - დაწერა ბასილაშვილმა გუშინ გვიან ღამით სოციალურ ქსელში.

ჯერჯერობით, უცნობია, ქართველი ჩოგბურთელის რეაბილიტაციის პერიოდი რამდენ ხანს გასტანს. შესაბამისად, მისი ATP CUP-ზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

შეგახსენებთ, რომ ახალ საჩოგბურთო ტურნირს 2020 წლის იანვარში ავსტრალიის სამი ქალაქი (ბრისბენი, პერთი, სიდნეი) უმასპინძლებს. მასში 24 მოწინავე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან 19 უკვე ცნობილია.

საქართველო ახალი ტურნირის სიაში მე-14 ნომრით მოხვდა – მონაწილეთა სიაში კი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ალექსანდრე მეტრეველი წერია.

თუკი არაფერი შეიცვალა, საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრა 4 იანვარს ესპანეთთან ელის, 6-ში იაპონიასთან შერკინებაა დაგეგმილი, 8 სექტემბერს კი ჯგუფის მე-4 წევრთან მატჩი შედგება, რომელიც ჯერაც გასარკვევია.

კომენტარები

ბოლო ამბები