Thumbnail
  • ლევანტესთან წაგების შემდეგ, ბარსელონამ სლავიასაც ვერ მოუგო
  • ჟერარდ პიკე სიმშვიდის შენარჩუნებას ითხოვს
  • ვალვერდეს თქმით, ფანებს აქვთ უფლება, ასეთ დროს ბარსას უსტვინონ
  • ფრენკი დე იონგმა მეტოქე შეაქო

ჩემპიონთა ლიგის წინა 33 საშინაო მატჩში ბარსელონამ გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ, 2016/17 წლების სეზონში, იუვენტუსთან მეოთხედფინალურ მატჩში ვერ მოახერხა (0:0). ახლა კი იგივე განმეორდა - ოღონდ, იუვეზე გაცილებით სუსტ გუნდთან, პრაღის სლავიასთან, რომელიც მართლაც კარგი გუნდია, მაგრამ არა იმდენად, რომ ბარსა ‘ნოუ კამპზე’ ვერ უგებდეს.

მართალია, კატალონიური გრანდი უფრო აქტიური იყო, მაგრამ ვერ შექმნა იმდენი მომენტი, რამდენიც ბარსას სლავიას დონის გუნდთან საშინაო შეხვედრაში ეკადრება. ლოგიკურია, რომ ‘ნოუ კამპზე’ სტვენის ხმა ისმოდა.

ლეო მესიმ და კომპანიამ ჩეხებს გოლი ვერ გაუტანეს

ლევანტესთან 1:3-ის შემდეგ ყველა ელოდა, რომ ბარსა რეაქციას გამოავლენდა და სლავიასთან შთამბეჭდავად ითამაშებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არადა, ამ სეზონში ბარსელონა საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობს - ლა ლიგაში ხუთივე საშინაო მატჩი მოგებული აქვს, ჩემპიონთა ლიგაში კი, სლავიასთან 0:0-მდე შინ ინტერს 2:1 მოუგო.

თუმცა სლავიას თამამი და კარგი თამაში მოულოდნელობა არ ყოფილა. ჩეხებმა ინტერსაც წაართვეს ქულები (1:1 მილანში) და ბარსასთან საშინაო მატჩშიც ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ.

პირველი ტაიმის ბოლოს სლავიამ გოლი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რაც VAR-მა დაადასტურა

“ეს რთული თამაში იყო. მათ წინა შეხვედრაშიც ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, ახლა კი დაამტკიცეს, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო. მომწონს სლავიას თამაში. ძალიან თამამად და კარგი ტაქტიკით იბრძვიან. ერთმანეთს შესანიშნავად ეხმარებიან. მოკლედ, მეტოქის თამაშით ვისიამოვნე,” - ასე შეაქო მატჩის შემდეგ სლავია ფრენკი დე იონგმა.

ბარსელონას დაცვის ხაზის შეფმა ჟერარდ პიკემ კი ასეთი ანალიზი გააკეთა: “ცუდი შედეგები არ გვაქვს, მაგრამ შეიძლებოდა, უკეთესიც გვქონოდა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და პრობლემების აღმოფხვრაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ დღეს ჩვენი შანსები გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ცხადია, რომ ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება რთული იქნება.”

სლავიასთან უგოლო ფრის შემდეგ ბარსას მიმართ კრიტიკა მოიმატებს. პიკეც ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ გუნდი ისე არ თამაშობს, როგორც უნდა თამაშობდეს, თუმცა დასძენს: “ესპანეთის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში ვართ და ეს კარგია.”

ბარსას მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე

პიკე მართალია: ბარსელონა ლა ლიგის ცხრილსაც ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფშიც პირველ ადგილზეა. თუმცა ლევანტესთან მარცხისა და სლავიასთან 0:0-ის მსგავსი შედეგები საგანგაშო ნიშანია და პიკეს ეს კარგად ესმის: “ბოლო მატჩებშიც რეგრესი აშკარა იყო. როცა ბარსელონა ზედიზედ ორ მატჩს ვერ იგებს, ეს უკვე ცუდია, რადგან ჩვენგან ყველა ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს.”

კრიტიკა განსაკუთრებით ბარსას მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს მიმართ მატულობს. “ეს ნამდვილად არ იყო ბარსელონას საუკეთესო თამაში. სლავია თავს ძალიან კარგად იცავდა და ჩვენ მათ კარში გოლის გატანა გაგვიჭირდა. ტრიბუნებიდან სტვენა ისმოდა - გულშემატკივრებს აქვთ უფლება, ამ გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებებს ითხოვდნენ,” - განაცხადა ვალვერდემ მატჩის შემდეგ.

შაბათს, ბარსელონა სანაკრებო პაუზის წინ ბოლო მატჩს გამართავს - კატალონიელები ვიგოს სელტას უმასპინძლებენ და ამ თამაშის ვერმოგებას პიკეს და კომპანიას აღარავინ აპატიებს...

კომენტარები

ბოლო ამბები