Thumbnail

NBA | ლებრონის ახალი რეკორდი და ლეიკერსის დიდი ქამბექი მეორე ტაიმში 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩიკაგო ბულსი 112:118 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლეიკერსმა ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო
  • ლებრონ ჯეიმსმა ახალი რეკორდი დაამყარა

ლებრონ ჯეიმსი ბრწყინვალე ფორმაშია! NBA-ს სუპერვარსკვლავმა ჩიკაგო ბულსთან 118:112 მოგებულ მატჩში 35 ქულით, 11 პასითა და 10 მოხსნით ზედიზედ მესამედ შეასრულა სამმაგი დუბლი და ლეიკერსს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოუტანა.

34 წლის და 210 დღის ლებრონი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი ზედიზედ სამჯერ შეასრულა!

ამავდროულად, ლებრონმა ბოლო 3 თამაშში ჯამში 90 ქულა, 33 მოხსნა და 40 პასი დააგროვა. ასეთი შედეგი ზედიზედ სამ თამაშში მხოლოდ რასელ ვესტბრუკს ჰქონდა 2017 წელს.

ლებრონს კარგად დაეხმარა ენტონი დევისი, რომლის ანგარიშზე 15 ქულა და 7 მოხსნაა. ასევე კარგად ითამაშეს კაილ კუზმამ (15 ქულა, 4 მოხსნა) და ქუინ კუკმა (17 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი). აღსანიშნავია, რომ ლეიკერსს ტრავმების გამო ეივერი ბრედლი და რაჟონ რონდო ვერ ეხმარებოდნენ. ჩიკაგოელთა მხრიდან საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ - მან 26 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.

ჩიკაგომ ლეიკერსს პრობლემები განსაკუთრებით პირველ ტაიმში შეუქმნა. ბულსმა პირველი და მეორე მეოთხედების მოგება შეძლო და ტაიმი 17-ქულიანი უპირატესობით დაასრულა. ბოლო მეოთხედის წინ, ლეიკერსი თამაშს ჯერ კიდევ 13 ქულით აგებდა და პირველად 2013 წლის შემდეგ, 17-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და თამაში შეატრიალა. პირველი პერიოდის შემდეგ პირველად, ლეიკერსი პირველად საფინალო სირენამდე 9 წუთით ადრე, კუკმა დააწინაურა. ჯამში კალიფორნიელებმა ზედიზედ 16 ქულა ჩააგდეს და მატჩის დასრულებამდე ორნახევარი წუთით ადრე, დევისის სამქულიანით გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვეს.

6 მოგებით და მხოლოდ 1 მარცხით ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ჩიკაგოელები კი 2 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთში მხოლოდ ნიუ იორკ ნიქსს უსწრებენ. ლებრონის გუნდი მომდევნო მატჩს 9 ნოემბერს, მაიამისთან გამართავს.

📺 ვიდეო: ჩიკაგო 112:118 ლეიკერსი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები