Thumbnail

'პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ' - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბათუმის ერთ-ერთი ლიდერის ინტერვიუ ბოლო მოვლენებზე
  • ატალახებული მინდორი, მსაჯის შეცდომები და ჩაგდებული მატჩები

ეროვნული ლიგის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, დინამო ბათუმმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავოროტის სტატუსი დინამო თბილისს დაუთმო. თუმცა, წინ კიდევ 3 ტურია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბათუმურმა გუნდმა ბოლოს ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურასთან წააგო, ამ მატჩმა კი დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ერთი, რომ თამაში უხარისხო, ატალახებულ მინდორზე ჩატარდა და მეორე: მსაჯმა დაუშვა ორი უხეში შეცდომა ჩიხურას სასარგებლოდ. ამ ყველაფერზე შთაბეჭდილებები დინამო ბათუმის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლადო დვალიშვილმა გაგვიზიარა...

popsport: ივანწმინდაში გამართულ მატჩს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორია შენი შეფასება?

დვალიშვილი: მირჩევნია, რომ მხოლოდ თამაშზე გავამახვილო ყურადღება. სამწუხაროდ, წავაგეთ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ. მსაჯმა ორ ეპიზოდში აშკარად დაუშვა შეცდომა, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ცუდია, რომ საკუთარ თავზე აღარ ვართ დამოკიდებულები, თუმცა ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. 

ჩიხურა 2:0 დინამო ბთ. ლადო დვალიშვილის დარტყმის შემდეგ, ბურთი ხელზე მოხვდა მცველს, თუმცა პენალტი არ დაინიშნა

popsport: ბევრი ითქვა ივანწმინდის მოედნის უხარისხო მინდორზე...

დვალიშვილი: ასეთ მოედანზე თამაში უბრალოდ შეუძლებელია. ეს ფეხბურთელისთვის შეურაცხყოფაა. ასეთ მოედანზე შესაძლებლობების 20%-საც ვერ აჩვენებ. ვისაც ეს საკითხი ეხება, იმის ვალდებულებაა, რომ ან მინდორი იყოს უკეთესი, ან თამაში სხვა სტადიონზე ჩატარდეს. არც ანგისას ბაზაზეა იდეალური მინდორი, მაგრამ ივანწმინდის მოედანთან შედარებაც არ შეიძლება. იქ ფეხბურთის თამაში უბრალოდ არ შეიძლება.

popsport: დინამო ბათუმს ზედიზედ 4 თამაშია არ მოუგია. რა არის ამის მთავარი მიზეზი?

დვალიშვილი: ჩვენს წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ და ვიცით, რომ ბოლო მატჩებში უკეთ თამაში გვმართებდა. ის პრობლემები, რაზეც ვისაუბრე, მეორეხარისხოვანია, მთავარ პასუხისმგებლობას კი საკუთარ თავს ვაკისრებთ. სამწუხაროდ, ჩვენ თავზე აღარ ვართ დამოკიდებულები, მაგრამ ბოლომდე, ბოლო წუთამდე უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის.

popsport: წინ კიდევ 3 ტურია. როგორ აფასებ დინამო ბათუმის საჩემპიონო შანსებს?

დვალიშვილი: თუ ყველა დარჩენილი თამაში მოვიგეთ, დინამო თბილისის ერთი ფრეც საკმარისი იქნება ჩემპიონობის მოსაპოვებლად. თუმცა, მხოლოდ ჩვენ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. შესაძლოა, ზედმეტად დიდი ყურადღება დავუთმეთ კონკურენტებს წინა ტურებში და ამიტომაც ვართ დღეს ასეთ მდგომარეობაში. 

popsport: ივანწმინდაში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მთავარი მწვრთნელის როლი და მისი სიტყვები.

ლადო დვალიშვილი და დინამო ბათუმი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს

დვალიშვილი: მთელი გუნდი შევიკრიბეთ, სადაც ხაზგასმით ითქვა, რომ პრობლემა უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში და უნდა დავძლიოთ ეს ჩავარდნა. დარჩენილ თამაშებში მხოლოდ ქულათა მაქსიმუმი გვჭირდება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გია გეგუჩაძეს სწორედ ეს მიდგომა აქვს, რომ გარეშე ფაქტორები მეორეხარისხოვანია, ჩვენში უნდა ვეძებოთ პრობლემა და აღარ გავიმეოროთ შეცდომები. მწვრთნელს ფეხბურთელებმაც უნდა ავუბათ მხარი.

popsport: წარუმატებელი შედეგების შემდეგ, გულშემატკივართა ნაწილი უკმაყოფილო იყო, თუმცა შავი ზღვის პირატებმა მხარი დაგიჭირეს. რას ეტყვი მათ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში?

დვალიშვილი: გულშემატკივართა უკმაყოფილების მიზეზი კარგად მესმის, რადგან საჩემპიონო შეხვედრებში ბევრი ქულა და შესაბამისად, ლიდერობა დავკარგეთ. მათ ჩვენგან მეტი ეკუთვნოდათ, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მინდა მივმართო მათ, რომ თუ ჯერ კიდევ აქვთ ძალა, დაგვიდგმენ გვერდში და ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის. არაფერია დასრულებული და ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები