Thumbnail
  • ბაიერნმა ფავორიტი კანდიდატისგან უარი მიიღო
  • ერიკ ტენ ჰაგი სეზონის ბოლომდე აიაქსიდან წასვლას არ იფიქრებს
  • ვინ ჩაიბარებს რეკორდმაისტერს - ალეგრი, მოურინიო, ვენგერი თუ რანგნიკი?

ნიკო კოვაჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მიუნხენის ბაიერნი ახალ მწვრთნელს ეძებს. რეკორდმაისტერს უკვე უარი შეუთვალა სპეციალისტმა, რომელიც ბუკმეიკერებისთვისაც მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა და ბავარიული გრანდის ფანებს შორის ჩატარებულ გამოკითხვებშიც ლიდერობდა.

ტენ ჰაგი აიაქსიდან წასვლას არ აპირებს

ამსტერდამის აიაქსის დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ მინიმუმ სეზონის ბოლომდე ჰოლანდიურ გრანდში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მიუნხენში დასაქმება ფაქტობრივად გამოირიცხა, რადგან ბაიერნს ახალი მწვრთნელი ახლავე სჭირდება.

“ჩემს ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სეზონში აიაქსში ვიქნები,” - განაცხადა 49 წლის ტენ ჰაგმა ჩელსისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგი ბაიერნში ერთხე უკვე მუშაობდა - 2013-დან 2015 წლამდე იგი რეკორდმაისტერის მეორე გუნდის დამრიგებელი იყო.

“ბაიერნი ფანტასტიკური კლუბია, მიუნხენში გატარებული დროით ძალიან ვისიამოვნე. ამ კლუბს ჩემს გულში თავისი ადგილი აქვს, მაგრამ ახლა აიაქსში ვარ. დღევანდელი დღით ვცხოვრობ და მხოლოდ აიაქსზე ვარ კონცენტრირებული. ახლა ჩელსისთან მატჩისთვის ვემზადებით და ამ წუთას ჩემთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია,” - დასძინა ტენ ჰაგმა და დაამატა, რომ ბაიერნიდან მას არავინ შეხმიანებია.

საინტერესოა, რომ ნიკო კოვაჩის ბაიერნიდან გათავისუფლების შემდეგ, ბუკმეიკერების ფავორიტი სწორედ ტენ ჰაგი იყო. bwin-ის კოეფიციენტების მიხედვით, მის ბაიერნში დანიშვნას 2,4 ჰქონდა. სხვათა შორის, ტენ ჰაგის უარამდე, მეორე ადგილზე იტალიელი მასიმილიანო ალეგრი გახლდათ (3,50), მესამეზე კი - ჟოზე მოურინიო (4,75). სხვათა შორის, კანდიდატებს შორის, bwin-ს ექს-მწვრთნელი იუპ ჰაინკესიც ჰყავს - კოეფიციენტით 8,15.

კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნისთვის ახალ მწვრთნელს ეძებს

გაზეთ ‘ბილდის’ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იმის შესახებ, თუ ვინ სურთ ბაიერნის მწვრთნელად, რეკორდმაისტერის ფანებმა ყველაზე მეტი ხმა სწორედ ტენ ჰაგს მისცეს (31%). მეორე ადგილზე არსენ ვენგერი გავიდა (22%), მესამეზე კი - რალფ რანგნიკი (21%).

კომენტარები

ბოლო ამბები