Thumbnail

გუტი ალმერიას მთავარი მწვრთნელია - გუნდი ლა ლიგაში გადასვლის პრეტენდენტია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის ყოფილი ვარსკვლავი ლა ლიგა 2-ის ერთ-ერთ ლიდერს გაწვრთნის
  • 43 წლის ესპანელს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აქამდე არ უმუშავია

მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი, იგივე გუტი, ალმერიას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს, თუმცა მხარეებს შორის დადებული შეთანხმების ხანგრძლივობაზე არაფერს იუწყება.

ამ თანამდებობაზე გუტიმ პედრო ემანუელი შეცვალა, რომელთანაც ალმერიამ კონტრაქტი მანამდე გაწყვიტა. 43 წლის ესპანელი სპეციალისტისთვის ეს დებიუტია მთავარი მწვრთნელის პოსტზე

გუტი მადრიდის რეალის აღზრდილია, მის ღირსებას კი, როგორც ფეხბურთელი, პრაქტიკულად მთელი კარიერიას განმავლობაში იცავდა - 1994-იდან 2010 წლამდე. "სამეფო კლუბის" დატოვების შემდეგ, ნახევარმცველმა ერთი სეზონი თურქულ ბეშიქთაშშიც გაატარა, რის შემდეგაც კარიერა დაასრულა. 

გუტიმ რეალში სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ხუთჯერ კი ლა ლიგა მოიგო

გუტიმ თავისი სამწვრთნელო გზა 2013 წელს, მშობლიურ რეალში დაიწყო, სადაც ხუთი წლის განმავლობაში მადრიდული კლუბის 19-წლამდელთა გუნდთან მუშაობდა. გასული წლიდან მოყოლებული, ბოლო დრომდე კი ბეშიქთაშის სამწვრთნელო შტაბში ასისტენტის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება გუტის ახალ გუნდს, ალმერიას ლა ლიგა 2-ში გასული 14 ტურის შემდეგ, 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. შესაბამისად, ამ დროისთვის ალმერია ლა ლიგაში აღზევებს ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია.

კომენტარები

ბოლო ამბები