Thumbnail
  • 📅 6 ნოემბერი | ⌚ 00:00 | ⚽  დორტმუნდი V ინტერი | 📺 SILK SPORT HD2
  • მარკო როისს ინტერთან თამაშის წინ ისევ არ გაუმართლდა

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში მე-4 ტურის უმნიშვნელოვანესი მატჩია, "სიგნალ იდუნა პარკზე" დორტმუნდის ბორუსია მილანის ინტერს მასპინძლობს. "სიკვდილის ჯგუფში" ეს ნამდვილად გადამწყვეტი მატჩია...

I წრის შემდეგ ჯგუფს ბარსელონა 7 ქულით ლიდერობს, რომელიც აუტსაიდერ სლავიას მასპინძლობს. დიდი ალბათობით, კატალონიელები მიზანს მიაღწევენ ამ ჯგუფში, ხოლო მეორე საგზურისთვის სწორედ გერმანული და იტალიური გრანდები იბრძოლებენ. ორივეს 4-4 ქულა აქვს. 

23 ოქტომბერს "ჯუზეპე მეაცაზე" ამ გუნდების პირველი დუელი ანტონიო კონტეს გუნდმა 2:0 მოიგო და ინტრიგა გადაარჩინა. ეს კონტეს პირველი გამარჯვება იყო ლიგაზე ინტერის თავკაცის როლში. გოლები მაშინ ლაუტარო მარტინესმა და ანტონიო კანდრევამ გაიტანეს. გახსოვთ, ალბათ, მაშინ დორტმუნდს ლიდერები, მარკო როისი და პაკო ალკასერი აკლდა. 

ოქტომბერში ინტერმა 2:0 მოუგო დორტმუნდს

დორტმუნდი

მარკო როისისთვის სამწუხაროდ, ისტორია მეორდება - ახლა ვოლფსბურგთან მატჩში დორტმუნდის ლიდერმა კოჭის ტრავმა მიიღო და მისი თამაში ინტერთან კითხვის ნიშნის ქვეშაა. "ახლაც არ ვიცი ზუსტად, რა სჭირს მარკოს. მეტი გუნდში საკადრო პრობლემა არ გვაქვს, როისის საკითხი კი თამაშის დღეს გადაწყდება, იმედია, ის თამაშს შეძლებს", - განაცხადა ლუსიენ ფავრმა პრესკონფერენციაზე. რაც შეეხება პაკოს, ის ამ უქმეებზე ერთ-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ 1 წუთი ითამაშა. ესპანელი ჯანზეა, მაგრამ რამდენად არის ფორმაში, სხვა საკითხია. 

ინტერი

დორტმუნდის რიგებში მარსელ შმელცერის არყოფნას (თუმცა მან ვარჯიში განაახლა) უკვე შეეგუენ, ისევე, როგორც ინტერში - ალექსის სანჩესის ტრავმას. დანილო დ'ამბროზიოსა და სტეფანო სენსის თამაში კი საეჭვოა იტალიელთა რიგებში. ეს კი უკვე ანტონიო კონტეს თავსატეხია. არ არის გამორიცხული, რომ კონტემ ზუსტად ის შემადგენლობა დააყენოს, რაც მილანში დორტმუნდის წინააღმდეგ. ნიკოლო ბარელა კი ფრთხილად უნდა იყოს, მორიგი ყვითელი დისკვალიფიკაციის ტოლფასია. 

ლუსიენ ფავრი

ლუსიენ ფავრი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ვერ გეტყვით, რომ ხვალ სამი მცველით ვითამაშებთ, მიზეზი? თავად არ ვიცი ჯერ. არ ვიცით ჯერ იქნება თუ არა მარკო მოედანზე, ამაზე კი ბევრია დამოკიდებული. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უარესი ვარიანტისთვის. ინტერთან ძალიან კარგად უნდა ითამაშო, თუკი წარმატება გსურს. შეტევაში უნდა ვიმძლავროთ, მაგრამ დაცვის უყურადღებოდ დატოვება არაფრით შეიძლება - მეტოქე კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფია. მათი ჩაწოდებებიც ძალიან სახიფათოა".

ანტონიო კონტე (ინტერის მწვრთნელი): "საბედნიეროდ, სენსი ბოლომდე გამოჯანმრთელდა, მან დღესაც ივარჯიშა და მზადაა. ახლა უბრალოდ გადასაწყვეტი მაქვს, თავიდანვე ითამაშებს თუ შეცვლაზე. ჩვენ აქ კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით, ეს არის გადამწყვეტი დაპირისპირება და ჩვენ გვსურს წინ ერთი ნაბიჯი გადავდგათ".

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, ჰუმელსი, აკანჯი, გერეირო - ვიტსელი, დელეინი - სანჩო, როისი, ბრანდტი - პაკო ალკასერი

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი, დე ვრეი, შკრინიარი - კანდრევა, ბარელა, ბროზოვიჩი, სენსი, ასამოა - ლუკაკუ, ლაუტარო

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 მატჩიდან 7-ში კარი მშრალად შეინახა. 

⚽ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში დორტმუნდის მონაწილეობით, 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ წინა ტურში მილანის ინტერმა გამარჯვებით ლიგაზე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

⚽ ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ - ინტერმა 3 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ბურთების შეფარდებაც მის მხარესაა - 10:5.

⚽ ინტერი გერმანულ კლუბებს 36-ჯერ შეხვდა და 16-ჯერ იმარჯვა (14 წაგება).

⚽ F ჯგუფიდან მე-4 ტურში ვერც ერთი გუნდი ვერ გაინაღდებს პლეი ოფის საგზურს. 

⚽ დორტმუნდმა ლიგის ბოლო 8 მატჩიდან 6-ში გოლი ვერ გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები