Thumbnail

დავა ემილიანო სალას ტრანსფერზე - ფიფა კარდიფს სანქციით დაემუქრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კარდიფს ნანტისთვის ემილიონო სალას ტრანსფერის თანხის გადახდა არ სურს
  • ფიფამ უელსურ კლუბს კომპენსაციის გადასახდელად 45-დღიანი ვადა მისცა
  • თუ კომპენსაციას არ გადაიხდის, ფიფა კარდიფს სანქციებს დააკისრებს

კარდიფ სიტის ნანტისთვის აქამდე არ გადაუხდია კომპენსაცია ემილიანო სალას ტრანსფერისთვის, რომელიც წლის დასაწყისში ტრაგიკულად დაიღუპა. ინგლისური მედიის ინფორმაციით, უელსური კლუბის საქციელის გამო, ფიფაში აღშფოთებულნი არიან. ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე დაემუქრნენ კარდიფს, რომ ფეხბურთელების შეძენაზე ხანგრძლივ აკრძალვას დაუწესებენ.

არგენტინელი ემილიანო სალა კარდიფ სიტიში ფრანგული ნანტიდან, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა. უელსელებმა ის კლუბისთვის სარეკორდო - 17 მილიონ ევროდ შეიძინეს. მოხდა ისე, რომ 28 წლის ფეხბურთელმა კარდიფის მაისურით ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა, რისი მიზეზიც ტრაგიკული შემთხვევა გახდა. 

21 იანვარს სალა საფრანგეთიდან უელსში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა, მაგრამ ადგილამდე ვერ ჩააღწია - თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით საძიებო ჯგუფმა თვითმფრინავსა და ფეხბურთელის ცხედარს ლა მანშის ფსკერზე მიაგნო.

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა

კარდიფმა ნანტისთვის ტრანსფერის თანხის გადახდას თავი თავიდანვე აარიდა. ხანგრძლივი გარჩევის შემდეგ კი, ფიფამ უელსურ კლუბს ნანტის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, 6 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. 

ახლა კარდიფს ფრანგულ კლუბთან ანგარიშსწორებისთვის 45 დღის ვადა მიეცა და თუკი უელსური კლუბი ამ ვადაშიც არ გადაიხდის კომპენსაციას, სასჯელი დაეკისრება. სავარაუდოდ, ფიფა კლუბს ფეხბურთელის დამატებაზე აკრძალვას სამი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაუწესებს.

კომენტარები

ბოლო ამბები