Thumbnail

ვარსკვლავთა გარემოცვაში - ყვითელაშვილს მედლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მორის ყვითელაშვილმა გრან-პრის მე-3 ეტაპზე მე-4 ადგილი დაიკავა
  • ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნეითენ ჩენი გახდა

ქართული ფიგურული ციგურაობის ლიდერმა მორის ყვითელაშვილმა მონაწილეობა მიიღო გრან-პრის სერიის მესამე ეტაპში, სადაც ტიტულოვან მეტოქეებთან ჭიდილში საპატიო მე-4 ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო საციგურაო კავშირის (ISU) ეგიდით ორგანიზებული შეჯიბრი საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ჩატარდა და ყინულზე ისეთი ვარსკვლავები ვიხილეთ, როგორებიც არიან:

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამერიკელი ნეითენ ჩენი, მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და 4 კონტინენტის ტურნირის გამარჯვებული იაპონელი შომა უნო, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი რუსი ალექსანდერ სამარინი, საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული კევინ აიმოზი და სხვები.

სულ, ვაჟთა შეჯიბრში 11 სპორტსმენი ჩაება, ყვითელაშვილმა კი, როგორ – მოკლე (78.79), ასევე თავისუფალ პროგრამაში (157.59) მე-5 შედეგი დააფიქსირა, საერთო ჯამში კი, 236.38 ქულით მე-4 პოზიციაზე გავიდა.

საპრიზო სამეული ასე დაკომპლექტდა: 1. ნეითენ ჩენი (აშშ) – 297.16 ქულა; 2. ალექსანდერ სამარინი (რუსეთი) – 265.10; 3. კევინ აიმოზი (საფრანგეთი) – 254.64;

საინტერესოა, რომ მორისს თავისუფალ პროგრამაში პირად რეკორდამდე (158.64) მხოლოდ 1.05 ქულა დააკლდა.

ქართველ სპორტსმენს მსოფლიო რეიტინგში 2481 ქულა აქვს და ის 189 ვაჟს შორის მე-15 ადგილზე იმყოფება.

მორიგი შეჯიბრი, სადაც ყვითელაშვილი იასპარეზებს, გრან-პრის სერიის მე-5 ეტაპია. ამ ტურნირს, 17-18 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქი მოსკოვი უმასპინძლებს.

ვთქვათ ისიც, რომ გრენობლის მსგავსად, მოსკოვში გრან პრიზე სამსაჯოდ მიწვეულია საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი სალომე ჩიგოგიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები