Thumbnail

რევიას და კაზაკოვას ბრინჯაო და სენიორთა ტურნირების საგზური

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართული წყვილის წარმატება ჩინეთში გამართულ ტურნირზე
  • გიორგი რევია და მარია კაზაკოვა მხოლოდ ამერიკელებს და რუსებს ჩამორჩნენ
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია

ქართული წყვილი მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას შემადგენლობით, საერთაშორისო საციგურაო კავშირის (ISU) ეგიდით გამართული ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ISU აღნიშნული რანგის შეჯიბრებებს, გრან-პრის პარალელურად, 2014 წლიდან ატარებს, ამჯერად კი, ტურნირი ჩინეთის ქალაქ დონგუანში გაიმართა.

2019 Asian Open Figure Skating Trophy-ზე სპორტულ ცეკვებში შეჯიბრში 8 ქვეყნის წარმომადგენელი 11 წყვილი ჩაერთო და მათ შორის ქართველებიც იყვნენ.

რევიამ და კაზაკოვამ მოკლე პროგრამაში 67.68 ქულით მე-3 შედეგი დააფიქსირეს, თავისუფალ პროგრამაში კი 106.95 ქულით მეორეები იყვნენ.

საბოლოო ჯამში, ქართველ სპორტსმენთა მონაგარი 174.63 ქულა იყო, რაც ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი, ოქრო ამერიკელებმა (191.55) მოიპოვეს, ვერცხლი კი – რუსებმა (176.38).

აღსანიშნავია, რომ რევიამ და კაზაკოვამ ამ წარმატების წყალობით, სენიორებს შორის 2020 წლის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს, რასაც ქართული წყვილის წინსვლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები