Thumbnail

3 ოქრო ბელარუსიდან – მიშველიძე ოლიმპიადას მიუახლოვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • შოთა მიშველიძეს პირველობისთვის ორ-ორი ცდა ეყო
  • ლაშა ტალახაძეს ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი შოთა მიშველიძე (61 კგ.) ბელარუსის ქალაქ გროდნოში გამართული ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მიშველიძემ ორივე მოძრაობაში მხოლოდ ორ-ორი მისვლა გამოიყენა, თუმცა, პირველობისთვის ესეც ეყო.

შოთამ ატაცში 118 და 123 კგ. დაძლია, აკვრაში კი 137 და 143 კილოგრამს გაუმკლავდა და ორჭიდის ჯამში თავი 266 კგ-ს მოუყარა. სამივე შემთხვევაში, ქართველის შედეგი საუკეთესო იყო, ამდენად, მან ოქროს 3 მედალი დაიმსახურა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შოთა მიშველიძემ აქტივს სალიცენზიო ქულებიც მიამატა და ოლიმპიურ თამაშებს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ვთქვათ ისიც, რომ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდერ კურლოვიჩის სახელობის ტურნირზე პლანეტის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც იყო ჩასული და ტურნირის წინასწარ განაცხადშიც გახლდათ, თუმცა, ფიცარნაგზე არ გასულა.

კომენტარები

ბოლო ამბები