Thumbnail

მასვიდალი კონორს ემუქრება - ყველაზე ცუდი კაცი თავის ამპლუაში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მასვიდალს კონორის შეთავაზება სასაცილოდაც არ ეყო
  • მასვიდალი დიასთან რევანშზე მზად არის და ეს ბრძოლა ვეგასში უნდა შედგეს

შაბათს ნიუ იორკში ხორხე მასვიდალმა ნეიტ დიასი დაამარცხა - ამ ბრძოლას არაოფიციალურად უნდა გაერკვია, ვინ არის UFC-ში ყველაზე ცუდი კაცი. მებრძოლების ქუჩისბიჭურ-ხულიგნური წარსულის და იმიჯის გათვალისწინებით, ბრძოლის პრომოუშენი სწორედ ამ სლოგანით - "Who is the Baddest Motherfucker" ჩატარდა და მასვიდალს სპეციალური ქამარიც გადასცეს წარწერით - BMF.

მასვიდალი სპეციალური ქამრით

ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე მასვიდალს კონორ მაკგრეგორთან მის შესაძლო ბრძოლაზე ჰკითხეს. მაკგრეგორი წელიწადზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, ოქტაგონზე 18 იანვარს უნდა დაბრუნდეს, თუმცა მისი მეტოქე დაზუსტებით ცნობილი ჯერ კიდევ არ არის. მან დიასი-მასვიდალის ბრძოლის წინ ისიც აღნიშნა, რომ, შესაძლოა, სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვებულთან იჩხუბოს.

მასვიდალს კონორის კომენტარი სასაცილოდაც არ ეყო. მისი თქმით, ამ ბრძოლას უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან მას მოუწევს კონორი სიკვდილამდე ცემოს და თავად ირლანდიელიც ამ ბრძოლას არასოდეს დათანხმდება. აქვე, მან კონორი მისი ბოლო ინციდენტების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ირლანდიელი ქუჩაში მოხუცებს მხოლოდ იმიტომ ესხმის თავს, რომ ნამდვილ ბრძოლაში შანსი არ აქვს.

ძალიან შთამბეჭდავი იყო თავად პრესკონფერენცია - მასვიდალი სენდვიჩს შეექცეოდა და კონორს უცენზუროდ ემუქრებოდა.

ერთ დროს თითქმის უძლეველად მიჩნეულ კონორს მეივეზერთან და ხაბიბთან წაგების და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, შერეული ბრძოლების სამყაროში ნაკლებად მრისხანედ აღიქვამენ.

მასვიდალი ნეიტ დიასთან გამარჯვების შემდეგ

კონორისგან განსხვავებით, იგი მზად არის, ნეიტ დიასს კიდევ ერთხელ შეხვდეს. შაბათს ეს ბრძოლა ექიმებმა სამი რაუნდის შემდეგ, დიასის ტრავმების გამო ნაადრევად შეწყვიტეს, რამაც მაყურებელიც გააბრაზა, თავად დიასიც და გამარჯვებული მასვიდალიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ასე გამარჯვება არ სურდა.

ბრძოლის შემდეგ ორივე შეთანხმდა, რომ კიდევ ერთხელ იჩხუბებენ და დიდი ალბათობით, ამჯერად ლას ვეგასში, სადაც უფრო ბრუტალური ბრძოლაა ნებადართული და ექიმები ჩხუბს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აჩერებენ. შერეული ბრძოლების სამყარო ერთიანი იყო - შაბათის ბრძოლა ნიუ იორკის ნაცვლად ლას ვეგასში რომ შემდგარიყო, დიასს ბრძოლის გაგრძელების საშუალებას მისცემდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები