Thumbnail

2 ვერცხლი მსოფლიოს ჩემპიონატზე - თემურ დადიანის წარმატება და დიდი მიზნები

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რუმინეთში გაიმართა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი პარამკლავჭიდში
  • 28 წლის ქართველმა პარასპორტსმენმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა

რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გაიმართა 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი პარამკლავჭიდში. საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ იასპარეზა და გუნდური პირველი ადგილი აიღო. ორი ვერცხლის მედლით გამოირჩა თემურ დადიანი, რომელმაც როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ხელით ასპარეზობაში მეორე ადგილი დაიკავა. თემური სულ 4-5 წელია, რაც პარამკლავჭიდით არის დაკავებული და უკვე დიდი წარმატებები აქვს: არის ევროპის ჩემპიონი და უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი…

თემურ დადიანის გამარჯვება თურქ მეტოქესთან

Posted by Temo Dadiani on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

“რუმინეთში უძლიერესმა პარამკლავჭიდელებმა მოიყარეს თავი და რთული იყო მათთან კონკურენცია. მარცხენა ხელი ჩემი ძლიერი მხარეა, მარჯვენა კი დაზიანებული მაქვს და უფრო მიჭირს. ველოდი, რომ მარცხენა ხელით მედალს შევწვდებოდი, მაგრამ მარჯვენაშიც რომ მივაღწიე წარმატებას, ეს ცოტა მოულოდნელი იყო. ორივე დისციპლინაში ვერცხლის მედალი ავიღე, რაც კარგი შედეგია. გზად ორი უკრაინელი, ერთი თურქი და ერთი რუსი სპორტსმენი დავამარცხე. ფინალში ასევე რუსთან მომიწია დაპირისპირება და დავმარცხდი. ჩემზე გაცილებით გამოცდილი სპორტსმენია, 27 წელია ამ სპორტით არის დაკავებული და შედეგი ლოგიკური იყო”. - განაცხადა popsport.com-თან საუბარში თემურ დადიანმა.

თემურ დადიანმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში მოსინჯა ძალები, მათ შორის ფარიკაობაში, თუმცა მიხვდა რომ უფრო ძალისმიერ სპორტის სახეობაში სურდა ძალების მოსინჯვა და 2015 წლიდან პარამკლავჭიდით დაკავდა. პარალელურად, პარამოთხილამურეა, რაც მის სპორტულ კარიერას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ ყველაფერთან ერთად, თემურ დადიანი ჯარში მსახურობს, სადაც კაპრალ-სპეციალიატია.

თემურ დადიანის გამარჯვება უკრაინელ მეტოქესთან

Posted by Temo Dadiani on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

“2012-2013 წლებში ამერიკაში სარეაბილიტაციო კურსს გავდიოდი, როდესაც ვნახე თუ როგორ აქტიურად არიან ჩართული პარასპორტში ამერიკელი ჯარისკაცები. მაშინ დავინტერესდი სპორტით და წარმატებებსაც მივაღწიე. პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი ვარ. დიდია შანსი, პარამკლავჭიდი პარაოლიმპიური სპორტის სახეობა გახდეს და ჩემი მიზანი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებაა. პარალელურად, პარამოთხილამურე ვარ. 2018 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში ვერ მივიღე მონაწილეობა, თუმცა შემდეგ იაპონიის მსოფლიოს თასზე ვიასპარეზე და მე-10 ადგილზე გავედი. ზამთარი მოდის და სწორედ თხილამურებზე გადავერთვები, გაზაფხულიდან კი ისევ მკლავჭიდს დავუბრუნდები. წინ დიდი გეგმები მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები გავახარო” - განაცხადა თემურ დადიანმა.

თემურ დადიანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები