Thumbnail
  • ინდიანას ქართველმა ცენტრმა ამჯერად თავისი ფერწერული ნიჭი გამოავლინა
  • 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა თანაგუნდელი მაილს ტერნერი დახატა
  • ინდიანა პეისერსის მოთამაშეებს უნდა გამოეცნოთ, ვინ დახატა გოგა ბითაძემ 

ინდიანა პეისერსის ცენტრმა გოგა ბითაძემ მორიგ შოუში მიიღო მონაწილეობა. 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა ამჯერად თავისი ფერწერული ნიჭი გამოავლინა - თანაგუნდელი მაილს ტერნერი დახატა. შოუს წესების თანახმად, პეისერსის კალათბურთელებს უნდა გამოეცნოთ, ვინ დახატა გოგამ.

მაილს ტერნერს ამჟამად ტრავმა აქვს და გუნდს ვერ ეხმარება. ინდიანას სასტარტო ცენტრმა კოჭი ბრუკლინთან თამაშში გადაიბრუნა, რამდენიმე მატჩი უკვე გამოტოვა და კიდევ ერთი კვირა ვერ ითამაშებს. 

ტერნერის ტრავმის გამო, სათამაშო დრო მიიღო გოგა ბითაძემ, რომელმაც კლივლენდთან მოედანზე შეცვლაზე შევიდა და თითქმის 25 წუთი ითამაშა (10 ქულა, 9 მოხსნა), ბოლო მატჩში კი ჩიკაგოსთან უკვე სასტარტოშიც გამოჩნდა (9 ქულა, 4 მოხსნა).

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ინდიანა პეისერსის ქართველ ახალწვეულს თავისი მუსიკალური შესაძლებლობის წარმოჩენა მოუხდა, როდესაც კრისტინა აგილერას სიმღერა, Genie In a Bottle შეასრულა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა.

მეტი ამ თემაზეგოგამ ზაიონს აჯობა - ბითაძემ სუპერ მარიოს ფორმით იმღერა

ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძე ზაფხულში დრაფტის მე-18 ნომრად აიყვანა. NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 4 შეხვედრაში ითამაშა. 

რაც შეეხება გოგას გუნდს, პეისერსს 3-3 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს პეისერსი 6 ნოემბერს, სტუმრად შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები