Thumbnail

'დიდებული იყო 6 ფოლის მიუხედავად' - მედიის გამოხმაურება ბითაძის თამაშზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გოგა ბითაძის კომენტარი მატჩის შემდეგ
  • მედიის გამოხმაურება ქართველის თამაშზე

გოგა ბითაძემ NBA-ს კარიერაში პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში და ინდიანას ჩიკაგოს 108:95 დამარცხებაში 9 ქულით, 4 მოხსნით, 3 პასითა და 4 დაფარებით დაეხმარა, მაგრამ არასრულ 19 წუთში გოგამ 6 პერსონალური შენიშვნა მიიღო. 

"ნეითმა მითხრა, რომ მე ვიწყებდი თამაშს. მწვრთნელმა ადრე გამაფრთხილა, რომ ყოველ წუთს მზად უნდა ვიყო. ასე რომ, გავედი, რათა გუნდს მოგებაში დავხმარებოდი. ძალიან მაგარია, რომ NBA-ს მატჩი სასტარტოში დავიწყე.

გამოცდილი თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან. ხშირად მკარნახობენ, რა პოზიცია დავიკავო, ან რა გავაკეთო კონკრეტულ სიტუაციაში. და ეს ყველაფერი ხელს მიწყობს, რომ გავიზარდო და მეტი ვისწავლო. რა თქმა უნდა, როგორც შეტევაში, დაცვაშიც უკეთ უნდა ვითამაშო. რაც დრო გავა, ყველაფერი უკეთ იქნება. ტრავმები ხშირად ხდება, ასე რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ მოგებისთვის", - განუცხადა FOX Sports მატჩის შემდეგ ქართველმა ახალწვეულმა. 

გოგას პრინციპი

მატჩის მიმოხილვაში Indianapolis Star-მა ერთი ქვეთავი მიუძღვნა გოგას თამაშს - "გოგას პრინციპი"

გოგამ ჩიკაგოსთან 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 ბლოკი მიითვალა

"ვენდელ კარტერი (20 ქულა, 10 მოხსნა) ბითაძეს ხშირად არ ეთამაშებოდა მჭიდროდ. ბულსის სტრატეგია ის იყო, რომ ზედმეტი დახმარება გადაესროლად მალკოლმ ბროგდონზე (22 ქულა, 7 ასისტი), ვინც ასოციაციაში პასებით ლიდერობს. ასე რომ, კარტერი ან აგვიანებდა ბითაძეზე ან საერთოდ არ შედიოდა ბრძოლაში. ბითაძემ პირველ ნახევარში 6 ნასროლიდან 4 ჩააგდო, მათ შორის ერთი სამქულიანი პერიმეტრის ცენტრიდან, რომლის წყალობითაც ინდიანა 35:29 დაწინაურდა. 

ბითაძე კიდევ მოუმატებდა საკუთარ სტატისტიკას, პირველი ნახევრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მესამე ფოლი რომ არ მიეღო. მეორე ნახევარში მან მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, შემდეგ კი ფოლების გამო გავარდა. ის ორთაბრძოლაში ვერ არეგულირებდა რიტმს ისე, რომ არ მიეღო პერსონალური.

ლიფი და საბონისი არ არიან დამფარებლები, ბითაძე არის, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები, როდის უნდა შევიდეს ბრძოლაში და როდის მოერიდოს, ქმნის პრობლემებს. განსაკუთრებით ეს მაშინ გამოჩნდა, როცა კარტერის დარი ათლეტი ფარქვეშ შედიოდა. ბულსის ნახევარზე მეტი ქულა (52) ფარქვეშიდან არის მოპოვებული".

როგორც ხედავთ, ქართველი გამოცემამ პერსონალური შენიშვნების ხშირად მიღებისთვის გააკრიტიკა. ბუნებრივია, 20 წლის ევროპელ ახალბედას უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც გამოცდილებასთან ერთად მოვა. 

გოგა ბითაძემ 4 თამაშში (55 წუთი) 9 დაფარება (8 ბოლო ორში) მიითვალა. ეს არის 6 ბლოკი ყოველ 36 წუთში!

rotoworld.com: "ბითაძე დიდებული იყო მისი კარიერის პირველ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში, იმის მიუხედავად, რომ 6 ფოლით გავარდა - 4 ბლოკი, 3 ზუსტი სროლა ფარქვეშიდან და 1 სამქულიანი. მისი სროლის მექანიკა შესანიშნავია, რაც შეეხება ბევრ პერსონალურ შენიშვნას, ბითაძე ამით უკვე ცნობილია". 

8 Points, 9 Seconds-მა ტრადიციულად შეაფასა ინდიანას მოთამაშეები - გოგამ B+ მიიღო.

"ახალბედამ დღეს აჩვენა, თუ რატომ ეიმედებათ მისი. მან ჩააგდო ინდიანას პირველი ქულები, კარგად დაიწყო და გუნდის თამაშს ის ტონი მისცა, რომელიც ინდიანამ ოთხივე მეოთხედში შეინარჩუნა. მხოლოდ ფიზიკური მზადყოფნა არა, მან საკალათბურთო IQ-ც გამოავლინა. ის აყენებდა "სქრინებს", "პიკ ნ როლის" ინიციატორად გამოდიოდა, ის ეხმარებოდა გუნდელებს. ის ჯერ 20 წლისაა და ჯერ კიდევ შორია კარიერის პიკამდე. ბევრი ფოლი ახალბედების მთავარი სატკივარია". 

ბითაძის ჰაილაითები ჩიკაგოსთან

კომენტარები

ბოლო ამბები