Thumbnail
  • გოგა ბითაძე ინდიანას სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშებს
  • ქართველი ცენტრი თავის გამოჩენას ჩიკაგო ბულსთან ეცდება

20 წლის ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსის სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშებს. ეს ჩიკაგო ბულსთან საშინაო მატჩში მოხდება, რომელიც სტარტს მალე, თბილისის დროით 02:00 საათზე აიღებს.

ბითაძის სასტარტოში დაწინაურება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჩიკაგოელებთან შეხვედრაში დომანტას საბონისის თამაში გამოირიცხა. ლიტველი ფორვარდი კლივლენდთან მატჩში დაშავდა და დღევანდელი პაექრობისთვის მომჯობინება ვერ მოახერხა.

აღნიშნულის შესახებ მცირე ხნის წინ ჟურნალისტებს პეისერსის მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა განუცხადა და მანვე აღნიშნა, რომ საბონისის და მანამდე ტრავმირებული მაილს ტერნერის არყოფნაში, სასტარტო ხუთეულში თამაშს გოგა ბითაძე და ჯაკარ სამპსონი დაიწყებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა კავალიერსთან მატჩში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, ჩიკაგოსთან მოახლოებული თამაში კი მისთვის NBA-ში დამკვიდრების მორიგი შანსია.

ვთქვათ ისიც, რომ პეისერსის და ბულსის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას სილკ უნივერსალი აწარმოებს.

კომენტარები

ბოლო ამბები