Thumbnail
  • მელიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა, რიკაძემ კი - ბრინჯაო
  • ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულებული 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ოთხმა წევრმა იასპარეზა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ოთხივე მათგანი დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ფინალური ორთაბრძოლები ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.), გურამ ხეცურიანმა (87 კგ.) და ზვიად პატარიძემ (130 კგ. ტრავმის გამო ვერ იჭიდავა) დათმეს, დღეს კი, წარუმატებლობა გიორგი მელიას (97 კგ.) შეემთხვა.

ამ უკანასკნელმა უნგრეთში გზიდან ინდოელი რავი რავი (8:0), ყირგიზი უზურ დუჟუპბეკოვი (7:3) და ბელარუსი დმიტრი კამინსკი (5:1) ჩამოიცილა, ფინალში კი ფინელი არვი მარტინ სავოლაინენთან 3:5 წააგო.

📺 აივენგო რიკაძე - ტამაშ ლევაი

დღესვე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აივენგო რიკაძემ (82 კგ.), რომელმაც უნგრელი ტამაშ ლევაი 4:2 დაამარცხა, რამაზ ზოიძე (72 კგ.) კი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ მაკსიმ ევტუშენკოს ვერ გაუმკლავდა – 3:4.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, გუნდურ ჩათვლაში 121 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გავიდა. პირველი ირანი იყო 122 ქულით, მე-3 კი – რუსეთი (118).

კომენტარები

ბოლო ამბები