Thumbnail
  • მსოფლიო რაგბიმ ჯილდოები ტოკიოში გამართულ საღამოზე ჩამოარიგა
  • ყველაზე მეტად, სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრები დააფასეს

2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ სპეციალურ საღამოზე, მსოფლიო რაგბიმ მიმდინარე წლის საუკეთესოები დაასახელა.

საუკეთესო ლელოს ავტორი ტი ჯეი პერენარა

გასაკვირი არ ყოფილა, რომ წლის გამორჩეულ გუნდად სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრები აღიარეს. “ქურციკებმა” მსოფლიო თასის ფინალში ინგლისს ხომ მოუგეს და მანამდე, რაგბი ჩემპიონშიპის გამარჯვებულებიც გახდნენ, რაც ასევე დიდი მიღწევაა. ცნობისთვის, აფრიკელებს წლის გუნდის ტიტული ბოლოს 2009 წელს ჰქონდათ მიღებული.

2019 წლის საუკეთესო ვაჟ მორაგბედ ასევე “ქურციკების” ერთ-ერთი ლიდერი პიტერ-სტეფ დუ ტოი აღიარეს, რომელმაც ორივე აღნიშნულ ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა. უკანასკნელად, ეს ჯილდო აფრიკელი მორაგბეს 2007 წელს ჰქონდა დასაკუთრებული. მაშინ თავი ბრაიან ჰაბანამ ისახელა.

ისე როგორ იქნებოდა, სათანადო პატივი “ქურციკების” თავკაცისთვისაც არ მიეგოთ. წლის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ 47 წლის რასი ერასმუსი დაასახელეს, რომელმაც რაგბი ჩემპიონშიპის და მსოფლიო თასის მომგები გუნდის ასაშენებლად მაქსიმუმი გააკეთა. ბოლოს, აფრიკელ მწვრთნელს, კერძოდ კი, ჯეკ ვაიტს, ამგვარი აღიარება 2007 წელს რგებოდა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბის წოდება საფრანგეთის ნაკრების წევრმა რომეინ ნტამაკმა მიიღო და ესეც, სრულიად მოსალოდნელი გახლდათ. 20 წლის მგეზავმა ფრანგული ტულუზის რიგებში ტოპ-14 მოიგო, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი კი სწორედ წლეულს ჰქონდა და 12 მატჩში 52 ქულა მოაგროვა. 2019 წლის მსოფლიო თასზე მან ‘ლე ბლესთან’ ერთად მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა.

ინგლისელი რეფერი უეინ ბარნსი გახდა წლის საუკეთესო მსაჯის წოდების მფლობელი. 40 წლის არბიტრმა წლეულს ინგლისის პრემიერლიგის და ჩელენჯ ქაფის ფინალები იმსაჯა, გასულ მსოფლიო თასზე კი, ახალ ზელანდიას და უელსს შორის მე-3 ადგილისთვის მატჩის გაძღოლა ანდეს. აღსანიშნავია, ბარნსი პირველი ინგლისელი რეფერია, ვინც პრესტიჟულ ჯილდოს დაუეფლა.

2019 წლის საუკეთესო ლელოს ავტორი ახალი ზელანდიის ნაკრების მორაგბე ტი ჯეი პერენარა გახდა, რომელმაც “ოლ ბლექსის” ხელდახელ გათამაშებული ბრწყინვალე შეტევა საოცარ ნახტომში დაასრულა. ეს, მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ნამიბიასთან მატჩში მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები