Thumbnail

‘ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება’ - ლევან კობიაშვილმა დინამო ბათუმს მიმართა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სკანდალური მატჩი შეაფასა
  • გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ ლევან კობიაშვილმა დინამო ბათუმის მფლობელს მიმართა

ტელეკომპანია ‘იმედის’ გადაცემაში ‘სპორტი იმედზე’ დღეს სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც საჩხერის ჩიხურასა და დინამო ბათუმის მატჩზე ისაუბრა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კობიაშვილმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ჩიხურას კარში პენალტი მართლაც უნდა დანიშნულიყო. მეორე საკამათო ეპიზოდში კი, მისი თქმით, რთულია იმის დანახვა, იყო თუ არა ჯარიმა. სფფ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსაჯის შეცდომას რეაგირება მოყვება, მაგრამ რეაგირების გარეშე არ დარჩება დინამო ბათუმის მფლობელის, არჩილ ბერიძის განცხადებაც. კობიაშვილის თქმით, მსაჯის შეცდომა არავის აძლევს იმის უფლებას, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენოს.

ლევან კობიაშვილი: “თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს მატჩი ზოგადად პრობლემატური იყო. კრიტიკა აბსოლუტურად მისაღებია სტადიონთან დაკავშირებით. გულახდილად ვამბობ, შეუძლებელია ისეთ მოედანზე თამაში, როგორიც ივანწმინდაშია. ასე რომ, ადამიანებს აქვთ საფუძველი, რომ ამის გამო გვაკრიტიკონ, მაგრამ ამ კრიტიკას მხოლოდ ფეხბურთის ფედერაცია ვერ მიიღებს. კრიტიკა პირველ რიგში გუნდებმა უნდა მიიღონ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საჩხერის ჩიხურას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმ მოედანზე ეთამაშა.

'მესმის, რომ ემოციურ ფონზე ადამიანმა შეიძლება სხვა ტონით ისაუბროს, მაგრამ მეორე დღესაც რომ იგივე განცხადება კეთდება, ეს ჩემთვის მიუღებელია' - ლევან კობიაშვილი

ლევან კობიაშვილი: რაც შეეხება დინამო ბათუმის ხელმძღვანელების განცხადებებს, ჩემი აზრით, ეს არაკომპეტენტური და არასერიოზული განცხადებებია. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რაც მოვისმინე. მესმის, რომ ემოციურ ფონზე ადამიანმა შეიძლება სხვა ტონით ისაუბროს, მაგრამ მეორე დღესაც რომ იგივე განცხადება კეთდება, ეს ჩემთვის მიუღებელია. ვპირდები, რომ ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

ახლა განვიხილოთ ის კონკრეტული მომენტები ჩიხურასა და დინამო ბათუმის მატჩიდან, რაზეც დისკუსიები დაიწყო. არ ვაპირებ, რომ მსაჯი დავიცვა, პირადად ჩემთვის პირველი ეპიზოდი იყო პენალტი და ჩიხურას კარში თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. ბურთი საჩხერელ ფეხბურთელს აშკარად ხელზე ხვდება მე რომ მსაჯი ვიყო, პენალტს დავნიშნავდი.

ეპიზოდი, როდესაც წესების დარღვევა არ დაფიქსირდა

ლევან კობიაშვილი: რაც შეეხება მეორე ეპიზოდს: ვერავინ იტყვის გადაჭრით, რომ იქ კონტაქტი იყო. მე ეს არ ვიცი. გამეორებებზე რაც ჩანს, რთული დასანახია, იყო თუ არა კონტაქტი. ვიღაცამ ამაზე შეიძლება ჯარიმა დადოს, ვიღაცამ - არა. მე ვერ ვხედავ, იყო თუ არა კონტაქტი.

ეპიზოდი, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან ჯოვინო წააქციეს

ლევან კობიაშვილი: დინამო ბათუმს თვითონ აქვს პრობლემა გუნდში და ამის დანახვა არ სურთ. ბოლო 4 თამაში ვერ მოიგეს. იგივე ანგისას ბაზაზეც არ შეიძლება ყველა თამაშის ჩატარება. მეტსაც გეტყვით: დინამო ბათუმს ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი აქვს დარტყმული და მათ კარში ყველაზე ნაკლები თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბათუმელთა სასარგებლოდ დანიშნული ზოგიერთი პენალტიც სადაოა. ამიტომ, ასე ცალსახად გამოხვიდე და შეურაცხყოფა მიაყენო სხვებს, არ შეიძლება. შეურაცხყოფას შესაბამისი რეაგირება მოყვება. მსაჯმა შეიძლება დაუშვას შეცდომა და ვიმეორებ, რომ ჩემთვის ის პენალტი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეურაცხყოფის უფლება გაქვს. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ მსაჯის შეცდომაც არ დარჩება რეაგირების გარეშე. მან ჩემი აზრითაც შეცდომა დაუშვა, როცა ჩიხურას კარში პენალტი არ დანიშნა.

ბურთი აშკარად ხვდება ხელზე ჩიხურას მცველ დავით მაისაშვილს

ლევან კობიაშვილი: 4 წელია ვეხვეწებით კლუბებს, რომ შექმნან პროფლიგა და თვითონ ჩაატარონ ჩემპიონატი. ვპირდებით სრულ მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურს, მაგრამ თავი ვერაფრით მოაბეს და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ სურთ. ასეთ სიტუაციებში კი ადვილია, რომ ხელი ფედერაციისკენ გაიშვირო. ერთი კვირის წინაც მქონდა კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა და მათ ურთიერთპატივისცემისკენ მოვუწოდე. ერთმანეთს არ ენდობიან.

რატომ არ არაფერს ამბობენ ხოლმე ეს ადამიანები, როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე და ნაკრებისთვის საზიანოდ უშვებენ მსაჯები შეცდომებს? არ მახსოვს, ამაზე ჩაეტარებინოთ ბრიფინგები. როცა მათ ეხებათ საქმე, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობენ და მინდა შევახსენო, რომ ნაკრებიც მათია." 

 

კომენტარები

ბოლო ამბები