Thumbnail
  • თორნიკე შენგელიას ბაიერნთან დიდებული გარჯა დაუფასდა
  • ქართველი კალათბურთელი ოლიმპიაკოსთან მატჩშიც გამოარჩიეს

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მე-6 ტურის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. თოკომ თავი მიუნხენის ბაიერნთან დიდებული გარჯით გამოიჩინა, რომელიც მისმა ბასკონიამ 93:60 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერი გასულ მატჩში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 25:51 წუთი დაჰყო. ქართველ მძიმე ფორვარდს უკვე პირველ მეოთხედში 13 ქულა ჰქონდა, საბოლოოდ კი, შეხვედრა 19 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაასრულა.

📺 შენგელიას ჰაილაითები ბაიერნთან

შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი, თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ მე-6 ტურში საუკეთესო კოეფიციენტი (30) ანადოლუ ეფესის ამერიკელ უკანახაზელ შეინ ლარკინს აღმოაჩნდა, თუმცა, ვინაიდან თურქულმა კლუბმა ათენში პანათინაიკოსთან წააგო, ის ტიტულის გარეშე დარჩა.

თორნიკე შენგელიამ მიუნხენელებთან მატჩში 19 ქულა ჩააგდო

ვთქვათ ისიც, რომ შენგელია მიმდინარე სეზონში ტურის საუკეთესო მოთამაშედ უკვე მეორედ აღიარეს.

მე-4 ტურში, როდესაც ბასკონიამ პირეოსის ოლიმპიაკოსი 82:66 დაამარცხა, ქართველმა კალათბურთელმა 29:45 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიას მე-7 ტურის შეხვედრა 7 ნოემბერს, სტუმრად, იტალიურ მილანთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები