Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნში კრიზისი გაღრმავდა
  • ნიკო კოვაჩს აინტრახტთან განადგურებას, სავარაუდოდ, არ აპატიებენ
  • ვინ შეიძლება ჩაიბაროს დროებით რეკორდმაისტერი?

ეს არის განცხადება, რომელიც ახალ კითხვებს ბადებს, ძველს კი უპასუხოდ ტოვებს. ფრანკფურტის აინტრახტთან 1:5 განადგურების შემდეგ, ბაიერნმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ კვირას დაგეგმილი საჯარო ვარჯიში არ შედგება. გერმანული სპორტული მედიის ინფორმაციით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელები დღეს საგანგებო თათბირს გამართავენ და გასაგებია, რაზეც უნდა ისაუბრონ.

ბაიერნმა ფრანკფურტში 5 გოლი გაუშვა და ბუნდესლიგაში ბოლო 10 წელიწადში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

“კარგად ვიცი, რა როგორ ხდება ამ ბიზნესში. შარშანაც დაახლოებით ასეთივე სიტუაცია გვქონდა, საქმეები კარგად არ მიგვდიოდა, მაგრამ ბოლოს მაინც პოზიტიური შედეგი მივიღეთ - გერმანიის ჩემპიონები გავხდით და თასი მოვიგეთ. იმის თქმა მსურს, რომ მაშინაც არ დავნებდი და დანებებას არც ახლა ვაპირებ. ვიცი, რომ რთული მდგომარეობაა. ჩვენ ყველაფერზე გულახდილად ვისაუბრებთ.” - განაცხადა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა აინტრახტთან წაგების შემდეგ.

48 წლის კოვაჩი ზუსტად 490 დღეა, რაც ბაიერნის მწვრთნელია. ძალიან საეჭვოა, რომ 490-ს კიდევ ბევრი დღე დაემატოს.

ფაქტია, რომ ასეთი სხვაობით რეკორდმაისტერმა გერმანიის ჩემპიონატში ბოლოს 2009 წლის 4 აპრილს წააგო (1:5 ვოლფსბურგში). ბუნდესლიგის მომდევნო მატჩი მიუნხენურ გრანდს დორტმუნდის ბორუსიასთან უწევს (მანამდე, ჩემპიონთა ლიგაში ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს) და ცხადია, რომ თუ ახლავე არ გააგდეს (ამის ალბათობა მაინც მცირეა), მის ბედს სწორედ ეს კვირა გადაწყვეტს.

“ავტობუსში ძალიან დამწუხრებული ავდივარ. არ მახსოვს, როდის წავაგე ასე მწვრთნელის რანგში. დავტოვებ თუ არა თანამდებობას, ეს იმ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ, ვინც ამას წყვეტს. მე არ ვნებდები!” - თქვა კოვაჩმა გუშინ.

ცხადია, კოვაჩმა ბაიერნის შეფები იგულისხმა, ისინი კი არაფერს ამბობენ. კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ული ჰიონესმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა სტადიონი უსიტყვოდ დატოვეს.

“დღეს საოცრება მოხდა. 5 გოლის გაშვება ყოვლად წარმოუდგენელია. მომდევნო დღეები ძალიან რთული იქნება,” - ეს ბაიერნის კაპიტნის, მანუელ ნოიერის სიტყვებია.

გაზეთ ‘ბილდის’ ინფორმაციით, თუ რუმენიგე და ჰიონესი კოვაჩს ახლავე გაათავისუფლებენ, შესაძლოა, გუნდი დროებით ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა ჩაიბაროს. ეს უკანასკნელი საკმაოდ გამოცდილია, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ნაკრების დამრიგებლის პირველი ასისტენტი იყო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ ფლიკთან ერთად, დროებით იმუშავოს მიროსლავ კლოზემაც, რომელიც ახლა ბაიერნის 17-წლამდელთა გუნდის მწვრთნელია (გუნდი მეორე ადგილზეა B იუნუიორთა ბუნდესლიგაში).

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები