Thumbnail

სატრანსფერო ფანჯრის დასრულების დღეს ყველაზე დიდი ხმაური კლივლენდ კავალიერსის  მიერ შესრულებულმა ტრეიდების სერიამ გამოიწვია. კლივლენდმა ერთ დღეში ახალი გუნდი შექმნა. კლუბიდან მათ ერთდროულად 6 მოთამაშე გაუშვეს და 4 ახალი  კალათბურთელი დაიმატეს.

საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდისგან პლეი ოფამდე ორიოდე თვით ადრე ასეთი მასშტაბური ცვლილება იშვიათი მოვლენაა, თუმცა კლივლენდს სხვა გზა არ ჰქონდა - გუნდი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კლივლენდის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს სპეციალისტებმა მაღალი შეფასება მისცეს - ერთ დღეში ახალი გუნდის შექმნა ადვილი არ არის.

ერთი შეხედვით, კლივლენდი უფრო ვარსკვლავურმა და გამოცდილმა მოთამაშეებმა დატოვეს, ხოლო ახალწვეულთა გვარები კი მათ, ვინც კალათბურთს შორიდან უყურებს, ბევრს არაფერს ეუბნება. 

ჩნდება კითხვა, თუ რა იყო კლივლენდის პრობლემა? როგორ მოხდა, რომ ვარსკვლავურმა კავალიერსმა ბოლო 19 თამაშში 13-ჯერ წააგო და აბსოლუტურად უიმედოდ გამოიყურებოდა?

წავიდნენ: უეიდი (მაიამი),  შამპერტი (საკრამენტო), კრაუდერი და როუზი (იუტა), ტომასი და ფრაი (ლეიკერსი)
მოვიდნენ: ლარი ნენს ჯუნიორი და კლარკსონი (ლეიკერსი),  ჯორჯ ჰილი (საკრამენტო),  როდნი ჰუდი (იუტა)

ეფექტურობის კოეფიციენტი

სანამ კლიველენდის პრობლემებს ციფრებში გაეცნობი, გაიგე რა არის Defensive და Offensive Efficiency: ეს არის NBA-ში გუნდების ეფექტურობის დასათვლელად შემუშავებული სისტემა, რომელიც სხვადასხვა სათამაშო კომპონენტში მიღებული შედეგის მიხედვით ითვლება. 
მაგალითად: სათამაშო ტემპის გათვალისწინებით, გუნდების მიერ ჩაყრილი და მიღებული ქულების რაოდენობა მათ ეფექტურობას ზუსტად არ ასახავს. ზოგიერთი გუნდი თამაშობს სწრაფად და მეტი შეტევა (მიღებული იერიში) აქვს, ზოგიერთი კი პირიქით ნელა უტევს და შესაბამისად მასაც, მატჩის განმავლობაში ნაკლებს უტევენ. ამიტომ გუნდების სტატისტიკის მაჩვენებლის შესადარებლად ითვლიან შედეგებს 100 სხვადასხვა შეტევისა და დაცვითი ფაზის მიხედვით და არა ერთ მატჩში საშუალო მაჩვენებლით.

არასწორი კომპლექტაცია

კლივლენდის ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ გუნდი არასწორად იყო დაკომპლექტებული. მოთამაშეები სათამაშო სქემასა და სტრატეგიას არ შეესაბამებოდნენ. გუნდს პრობლემები ჰქონდა, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში.

დაცვითი ფაზა

გოლდენ სტეიტთან მოგებული ფინალის შემდეგ კლივლენდმა არასწორი დასკვნები გამოიტანა. ნაცვლად იმისა, რომ დაცვის გაძლიერებაზე ეზრუნა და ეპოვა სათამაშო სისტემა, რომელიც გოლდენ სტეიტისგან განსხვავდებოდა, მათ აქცენტი გოლდენ სტეიტის ტიპის შემტევი გუნდის შექმნაზე გააკეთეს. არადა, 2015 წლის  ფინალში კლივლენდი სწორედ კარგი დაცვის წყალობით, კაირი ირვინგისა და კევინ ლავის გარეშე, მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდა გოლდენ სტეიტს. 2016 წელს მეშვიდე თამაშიც კლივლენდმა 93-89 მოიგო - გადამწყვეტი როლი აქაც კარგმა დაცვამ ითამაშა.

2017 წლის ფინალებში კლივლენდის უფრო შემტევი ვერსია გოლდენ სტეიტმა ადვილად დაამარცხა. წელს კი კლივლენდს გუნდში ჯეი კრაუდერისა და იმან შამპერტის გარდა არცერთი მოთამაშე არ ჰყავდა, რომელსაც დაცვა თუნდაც საშუალო დონეზე შეეძლო.  კრაუდერი და შამპერტი კი გუნდს  შეტევის დროს საერთოდ ვერ ეხმარებოდნენ და მხოლოდ შეზღუდულ წუთებს ატარებდნენ პარკეტზე.

შედეგად: კლივლენდის დაცვა, მიღებული ბურთების მიხედვით, ამ სეზონში 30 გუნდს შორის 28-ე ადგილზე იყო!

შეტევითი ფაზა

კლივლენდის შეტევა ლებრონ ჯეიმსზეა აგებული. თანამედროვეობის უდიდესი კალათბურთელი არა მხოლოდ თვითონ ყრის, არამედ თანაგუნდელებსაც უქმნის კარგ სროლებს. მას მთელი თამაში მიჰყავს. ამ სეზონში კლივლენდმა ვერ მოახერხა ლებრონისთვის კომფორტული შემადგენლობის შეკრება.ლებრონი ნომინალურად მსუბუქი ფორვარდია, თუმცა გამთამაშებლის ფუნქციასაც ითავსებს. მას ბურთი მოაქვს და ძალიან კარგად ათამაშებს. შესაბამისად, ლებრონს გუნდში არ უნდა ჰყავდეს ნომინალური გამთამაშებელი, რომელსაც ბურთი დიდი ხანი უჭირავს. ლებრონისთვის იდეალური ისეთი გამთამაშებელია, რომელიც უბურთოდ თამაშობს, სამიანების სროლა შეუძლია და თავს კარგად იცავს. სწორედ ამიტომ  მაიამიში წლების მანძილზე გამთამაშებლად თამაშობდა მარიო ჩალმერსი, რომელიც ზემოთმოყვანილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. არც მაიამიში და არც კლივლენდში მისი პირველი ყოფნის დროს ლებრონს ელიტურ გამთამაშებელთან, რომელიც თავად მოითხოვდა ბურთს, არასოდეს უთამაშია. წელს კი კლივლენდს ლებრონის გვერდზე ნომინალურ გამთამაშებლად აიზია ტომასი ჰყავდა, რომელსაც თავადაც უყვარს ბურთის დიდი ხნით ხელში ჭერა. გამთამაშებლის პოზიციაზე იყო დერეკ როუზიც, რომელსაც ასევე დიდი ხნით ბურთის ფლობის ჩვევა აქვს.

ლებრონის ყველაზე ეფექტური შეტევა ბურთით სამწამიანში შესვლაა. ამ დროს იგი ან თავად ასრულებს შეტევას ან პასით ბურთი გარეთ გამოაქვს, სამქულიანზე მდგარ მსროლელთან. ეს უბრალო კომბინაცია ძალიან ეფექტურია.  თუკი მოწინააღმდეგე თავის  მოთამაშეებს პერიმეტრზე მსროლელებთან დატოვებს, მაშინ ლებრონის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი მოთამაშე და ცარიელი სივრცე სამწამიანში რჩება და ლებრონიც თვითონ ასრულებს შეტევას. ხოლო, თუ მოწინააღმდეგე სამწამიანს ამაგრებს, მაშინ რომელიმე მსროლელი რჩება თავისუფალი და ლებრონი მას პასით პოულობს.  შესაბამისად, ლებრონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდში ჰყავდეს სამქულიანის მსროლელები, რომლებიც პერიმეტრზე დგანან, მოწინააღმდეგის დაცვას წელავენ და სივრცეს ქმნიან. სივრცეს კი ლებრონზე უკეთესად ვერავინ უტევს.

ამის გათვალისწინებით ლებრონს ერთ გუნდში არასოდეს უთამაშია დომინანტ ცენტრთან. ცენტრი, რომელიც თვითონ ყრის და სამწამიანში თამაშობს, ლებრონს სივრცეს დაუკეტავდა. იდეალური მისთვის კრის ბოშის ტიპის ცენტრი იყო. კრის ბოში მაიამიში თავისი კარგი სროლის წყალობით გამოდიოდა სამქულიანზე ან გრძელ ორქულიანზე, გამოყავდა მოწინააღმდეგის ცენტრი და უთავისუფლებდა ლებრონს სივრცეს.

წლევანდელი ფორმაციის კლივლენდში როტაციის მოთამაშეები დუეინ უეიდი, იმან შამპერტი, ჯეი კრაუდერი, ტრისტან ტომპსონი, დერეკ როუზი, ჯეფ გრინი, აიზია ტომასი სამქულიანებს ან საერთოდ  ვერ ისროდნენ ან ძალიან დაბალი პროცენტით. ეს კი ლებრონზე აგებულ კლივლენდის შეტევას მძიმე მდგომარეობაში აგდებდა.

პროცენტული მაჩვენებელი 2017/2018 წლების სეზონში

აიზიას პრობლემა

კლივლენდში დიდი იმედით ელოდნენ ტრამვირებული აიზია ტომასის დაბრუნებას. თუმცა მისი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ კლივლენდმა 12 თამაშში 7 წააგო. აიზიას მონაგარი ასე გამოიყურებოდა:

აიზია ტომასი გასულ და მიმდინარე სეზონში

ამასთან ერთად აიზია ტრადიციულად ძალიან ცუდად თამაშობს დაცვაში. იგი მხოლოდ 175 სანტიმეტრის სიმაღლისაა და მუდმივად უწევს თავი დაიცვას მასზე სულ მცირე ერთი თავით მაღალი მოთამაშეებისგან. შესაბამისად, იმ გუნდს, რომელშიც აიზია ტომასი თამაშობს, აუცილებლად სჭირდება უკანა ხაზში მეორე გარდი, რომელიც ძალიან კარგად იცავს თავს და აიზიას სისუსტეს დაცვაში დააბალანსებს. ბოსტონში აიზიასთან ერთად დუეტში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ევერი ბრედლი თამაშობდა. ამ შემთხვევაშიც კი 100 პოზიციაზე ბოსტონი  თავის კალათში 107.9 ქულას იღებდა, თუმცა მათ +3.6 ქულა ჰქონდათ. 

კლივლენდში აიზიასთან ერთად ასევე სუსტი მცველი ჯეი არ სმიტი თამაშობდა. აიზიას და სმიტის დუეტი 100 პოზიციაზე 116.9 ქულას იღებდა და ასტრონომიული -15.1 ქულა აქვს უარყოფითი მაჩვენებელი. ჯეი არ სმიტის გარდა, კლივლენდის უკანა ხაზის სხვა მოთამაშეებიც - ვეტერანები დუეინ უეიდი და კაელ კორვერი ცუდად იცავდნენ თავს. კლივლენდის ისედაც  სუსტი დაცვა აიზიასთან ერთად კატასტროფული ხდებოდა. კავალიერსს არავინ ჰყავდა, რომ IT-ის სისუსტე დაცვაში დაებალანსებინა.

გარდა იმ ობიექტური პრობლემისა, რომ აიზიამ სრულფასოვნად გამოჯანმრთელება და ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო, იგი გუნდს სტილითაც ვერ მოერგო. ბოსტონში იგი ძირითადი ოპცია იყო, კლივლენდში კი ბურთს დროის უმეტეს ნაწილს ლებრონ ჯეიმსი ფლობდა. აიზია ამ ფაქტს ხმამაღლა აპროტესტებდა:

აიზია ტომასი: „მე მიჩვეული ვარ, რომ ბურთი ყველა შეტევის დროს მქონდეს. მიჩვეული, რომ შეტევათა დიდი ნაწილი სწორედ მე დავასრულო. მე ვცდილობ, მივხვდე, როგორ ვითამაშო ლებრონთან და კევინ ლავთან ერთად.“

ეს ორი მოთამაშე ვერ ეწყობა და ხელს უშლის ერთმანეთს

კარდაშიანების წყევლა - ფორმიდან ამოვარდნილი მოთამაშეები

ორი წლის წინ კლივლენდის ჩემპიონობამ ცალკეულ მოთამაშეებს ცუდი სამსახური გაუწია. მათი მოტივაცია დაქვეითდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის შემდეგ მათ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტები მიიღეს. ამ მოთამაშეთა შორის პირველ რიგში ჯეი არ სმიტი და ტრისტან ტომპსონი უნდა გამოიყონ.

ჯეი არს სტაბილურობა ყოველთვის აკლდა. იგი  ხასიათის მოთამაშეა და კარგ განწყობაზე მყოფს შეუძლია სამიანები კარგად ჩაყაროს, თუმცა ამ სეზონში იგი არამოტივირებულად გამოიყურება და, ფაქტობრივად, არ თამაშობდა დაცვაში. ჯეი არ-ის უკმაყოფილების მიზეზი ისიც იყო, რომ კლივლენდმა მის პოზიციაზე ლებრონის ახლო მეგობარი დუეინ უეიდი დაიმატა.

ჯეი არ-ის მსგავსად მკვეთრად მოუკლო საჩემპიონო სეზონის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ტრისტან ტომპსონმა. ტრისტანი კლივლენდის მთავარი ძალა იყო ფარზე - კარგად იცავდა ფარს და შესანიშნავად ხსნიდა ბურთს. 

ტრისტანის ფორმის გაუარესებას მის პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებით ხსნიან. მისი მეგობარი გოგო ამერიკაში სკანდალურად ცნობილი ქლოე კარდაშიანია. დებ კარდაშიანებთან პირადი ურთიერთობა რამდენიმე კალათბურთელს (ლამარ ოდომი, კრის ჰამფრისი) უკვე ჰქონდა  და ყველა შემთხვევაში ეს მათი სათამაშო ფორმის მკვეთრი გაუარესებით დასრულდა. სპეციალისტებმა ხუმრობით ტერმინი „კარდაშიანების წყევლაც“ კი მოიფიქრეს. ტრისტანმა უბრალოდ დაკარგა თამაშის მოტივაცია და ეს კლივლენდის დაცვისთვის დიდი დარტყმაა. 

პრობლემები გასახდელში

ამ სეზონში კლივლენდს გასახდელში ბევრი პრობლემები ჰქონდა. მოთამაშეები ცალ-ცალკე იყვნენ და წარუმატებლობებში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.  არ არსებობდა გუნდური ქიმია.  ხშირად  დაცვის თამაშის დროს მოთამაშეებს ერთმანეთის დაზღვევის ან აქტიურად მოძრაობის სურვილიც კი არ ჰქონდათ.

ნეგატიურად აისახა გუნდის შიდა მდგომარეობაზე ლებრონის ფაქტორიც. ჯეიმსს კლივლენდის მენეჯმენტზე, მათ შორის, მოთამაშეების ბედზე მეტისმეტად დიდი გავლენა ჰქონდა და ამან კლუბში არაჯანსაღი ატმოსფერო შექმნა.  სწორედ ლებრონის ფაქტორის გამო გადაწყვიტა კაირი ირვინგმა გასულ ზაფხულს გუნდის დატოვება.

პრობლემები მენეჯმენტში

კლივლენდს პრობლემები მენეჯმენტში დიდი ხანია აქვს. დენ გილბერტმა, კავალიერსის მფლობელმა, რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან ალოგიკურად დიდი კონტრაქტები გაუფორმა რამდენიმე თავის მოთამაშეს - მათ შორის ტრისტან ტომპსონსა (15 მილიონი) და ჯერ არ სმიტს (12,8 მილიონი) და კლივლენდს ბიუჯეტი ახალი მოთამაშეების შესაძენად აღარ დარჩა.

გასულ ზაფხულს მან გაათავისუფლა კლუბის გენერალური მენეჯერი დევიდ გრიფინი. გილბერტმა ახალი მენეჯერი ადვილად ვერ იპოვა და მოხდა ისე, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს კლივლენდი გენერალური მენეჯერის, იმ კაცის, გარეშე დარჩა, რომელსაც გუნდის გაძლიერებასა და ახალი მოთამაშეების მოწვევაზე უნდა ეფიქრა. ახალი მენეჯერი, კობი ალტმანი, გამოუცდელია.

კაირის წასვლის შემდეგ, კლივლენდი შეეცადა, სხვა სუპერვარსკვლავი ეპოვა. ახლოს იყო პოლ ჯორჯისა და ერიკ ბლედსოუს გადაბირებასთან, თუმცა საბოლოოდ ორივე ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

ტრეიდის შედეგები

ტრეიდის შედეგად კლივლენდმა გუნდიდან გაუშვა მოთამაშეები:

  • რომლებსაც ბურთის დიდი ხნით ფლობის და სამწამიანის შეტევის ჩვევა ჰქონდათ (უეიდი, როუზი, ტომასი). შედეგად, ლებრონს თავისი ჩვეული თამაშის სრულყოფილად ჩვენების საშუალებას არ აძლევდნენ, ან პირიქით, ლებრონი არ აძლევდა მათ თამაშის საშუალებას.
  • რომლებიც ვერ ისროდნენ სამიანებს (უეიდი,  როუზი, ტომასი, კრაუდერი, შამპერტი)
  • რომლებიც, ცუდად იცავდნენ თავს (უეიდი, როუზი, ტომასი, ფრაი).

ახალი მოთამაშეები

ტრეიდის შედეგად კლივლენდში მოსული ახალი მოთამაშეები ბევრად უფრო მეტად ერგებიან ლებრონზე აგებული გუნდის კონცეფციას.

ჯორჯ ჰილი

ჯორჯ ჰილი გამოცდილი გამთამაშებელია,  იგი დაცვაზეა ორიენტირებული, შეუძლია უბურთოდ თამაში და არ ითხოვს ბურთს (ანუ  შეეწყობა ლებრონს).  თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე  მას წარმატებით შეუძლია დაიცვას ორი პოზიცია - როგორც გამთამაშებლის, ასევე შუთინგ-გარდის.

და, რაც მთავარია, 45 პროცენტით ისვრის სამქულიანებს. იგი იდეალურად  ერგება ლებრონის გვერდზე მოთამაშე გამთამაშებლის მოდელს და შეუძლია დააბალანსოს ჯეი არ სმიტის სისუსტე დაცვით ფაზაში. კლივლენდს ორიდან ერთი გარდი მაინც ეყოლება, რომელიც თავს კარგად იცავს. მეტოქის ელიტური გარდების  წინააღმდეგ დაცვაში თამაში სწორედ ჯორჯ ჰილს მოუწევს.

ჯორდან კლარკსონი

ახალგაზრდა და ათლეტურ კლარკსონს ორ პოზიციაზე შეუძლია თამაში - როგორც გამთამაშებლის, ასევე შუთინგ-გარდის ადგილას. იგი სკამიდან ითამაშებს და სეზონის მანძილზე 14.5 ქულას ყრის, რაც კლივლენდის სარეზერვო ხუთეულს დაეხმარება.  პრობლემატურია მისი სამქულიანების პროცენტი - 32.4 %.

ამ მხრივ იგი ლებრონისთვის იდეალური პარტნიორი არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ მისი სათამაშო წუთების მნიშვნელოვანი ნაწილი ლებრონის სკამზე ყოფნის პერიოდის დაემთხვევა.

როდნი ჰუდი

როდნი ჰუდი ლებრონის თამაშს კარგად ერგება. იგი სამქულიანებს 39 პროცენტით ისვრის და სეზონში 16.8 ქულას აკეთებს. ჰუდის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ის არის, რომ მას თავად შეუძლია სროლების შექმნა. ჰუდი (და ნაწილობრივ კლარკსონი) ეცდებიან გუნდში ის ვაკუუმი შეავსონ, რაც კაირი ირვინგის წასვლის შემდეგ შეიქმნა. ანუ კლივლენდს  შეტევაში უკანა ხაზიდან მეორე ოპცია სჭირდება, მოთამაშე, რომელიც ლებრონთან ერთად სტაბილურად 20 ქულაზე მეტს ჩაყრის და მოწინააღმდეგის დაცვის ლებრონზე კონცენტრირების შემთხვევაში თამაშის თავის თავზე აღება შეუძლია.

ლარი ნენს ჯუნიორი

ლარი ნენსის დამატებით კლივლენდი შეეცადა თამაშში ის ელემენტები დაებრუნებინა, რაც ტრისტან ტომპსონის ფორმიდან ამოვარდნის შემდეგ დააკლდა - აქტიურობა ფარზე, მოხსნები, კარგი დაცვა.

ლარი ნენსი სიმაღლეში 2.06-ია და მძიმე ფორვარდისთვის ძალიან კარგად მოძრაობს. მას შეუძლია კარგად გადაერთოს ერთი მოწინააღმდეგიდან მეორეზე (ე.წ. switch) და ოპონენტის ხუთივე პოზიციის მოთამაშე დაიცვას. სისწრაფე მას საშუალებას აძლევს დაცვაში ითამაშოს  გარდების წინააღმდეგ, ათლეტიზმი კი ეხმარება მეტოქის ცენტრსა და მძიმე ფორვარდებს დაუპირისპირდეს.

ნენსი ლებრონს დაცვის დროსაც დაეხმარება. ლებრონი ენერგიის დიდ ნაწილს შეტევაში ხარჯავს, დაცვაში კი მისთვის, ნომინალური მსუბუქი ფორვარდისთვის, რთულია მძიმე ფორვარდებთან თამაშში. ხშირ შემთხვევაში, მასზე მასიურ და მაღალ მძიმე ფორვარდების წინააღმდეგ ლებრონს ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევს. ნენსთან ერთად ლებრონი უფრო მეტს ითამაშებს მსუბუქ ფორვარდად.

ლებრონის ფაქტორი

კლივლენდმა გუნდიდან ვეტერანები გაუშვა და ახალგაზრდები დაიმატა. ნენსი, კლარკსონი და ჰუდი 25 წლის არიან. ეს იმას ნიშნავს,  რომ კავალიერსის ხელმძღვანელობა მომავალზე ზრუნავს და ზაფხულში ლებრონის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში  ახალგაზრდულ ბირთვს ქმნის.

ამის კიდევ ერთი დასტური ის არის, რომ კლივლენდმა გუნდის ამ სეზონში გასაძლიერებლად არ გაასხვისა მისი მთავარი აქტივი -  ბრუკლინისგან მიღებული დრაფტის 2018 წლის  პიკი. როგორც ჩანს, კავალიერსის ხელმძღვანელობას ლებრონის წასვლა რეალისტურად მიაჩნია და არ სურს კლუბის მომავალი (დრაფტის პიკი) მხოლოდ ამ სეზონში პოტენციურ წარმატებას შესწიროს.

დასკვნა

კავალიერსმა გუნდი გადაახალისა და ლებრონის სათამაშო სტილს მოარგო. დაიმატა მსროლელები და ორი კარგი მცველი (ჰილი, ნენსი), რამაც შეტევაც უფრო ეფექტური უნდა გახადოს და დაცვით ფაზაში გუნდს მეტი სტაბილურობა მოუტანოს.

ტრეიდმა კლივლენდი კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის უპირველეს  ფავორიტად აქცია

ტრეიდის  მნიშვნელოვანი მიღწევა ისიც არის, რომ კავალიერსს უფრო მეტი ოპცია აქვს. შეუძლია ითამაშოს მსუბუქი ხუთეულით - ლებრონი და 4 მსროლელი (ჰილი, ჰუდი/სმიტი, კორვერი, კევინ ლავი) ან შეუძლია ჰყავდეს უფრო მძიმე და დაცვითი გუნდი (ჰილი, ჰუდი/სმიტი, ლებრონი, ლავი, ტრისტანი/ნენსი.

ტრეიდმა კლივლენდი კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის უპირველეს  ფავორიტად აქცია. თუმცა, გუნდს ძალიან ცოტა დრო აქვს შეთამაშებისთვის და ტალანტისა და გამოცდილების მხრივ ამ ეტაპზე შეუძლებელია  გოლდენ სტეიტის ან თუნდაც ჰიუსტონის რეალურ კონკურენტად აღვიქვათ.

კომენტარები

ბოლო ამბები