Thumbnail

'საფეხბურთო მაფია მას ოქროს ბურთს აღარ მოაგებინებს' - რონალდოს დედის ვერსია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კრიშტიანო რონალდოს კარიერაში ოქროს ბურთის მეექვსედ მოპოვების შანსი აქვს
  • ქალბატონი დოლორეშ ავეირუ კი აცხადებს, ამას საფეხბურთო მაფია არ დაუშვებს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს დედა, დოლორეშ ავეირუ აცხადებს, რომ საფეხბურთო მაფია არ აძლევს მის შვილს კიდევ ერთი "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობას.

"რომ არა საფეხბურთო მაფია, ჩემს შვილს უფრო მეტი "ოქროს ბურთი" ექნებოდა. ის რომ ესპანელი ან არგენტინელი ყოფილიყო, ასე არ მოექცეოდნენ. და ეს იმიტომ ხდება, რომ ის პორტუგალიელია. არ ვიცი, წელსაც მიიღებს თუ არა კრიშტიანო "ოქროს ბურთს", მაგრამ ამის მაინც მჯერა", - აცხადებს ქალბატონი დოლორეში.

კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთი" (Ballon d'Or), რომელსაც ფრანგული გამოცემა France Football წლის საუკეთესო ფეხბურთელს ტრადიციულად გადასცემს, კარიერაში 5-ჯერ მოიგო. ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ბარსელონას არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესისაც.

შარშან, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო მადრიდის რეალის ნახევარმცველს, ლუკა მოდრიჩს მიაკუთვნეს. წელს კი იუვენტუსის პორტუგალიელი თავდამსხმელი ჯილდოზე წარდგენილ 30 ნომინანტს შორისაა.

მეტი ამ თემაზე: ლუკა მოდრიჩის გარეშე - ოქროს ბურთის 30 ნომინანტი ცნობილია

ტურინის იუვენტუსის 34 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

ფრანგული საფეხბურთო ჟურნალი ამ პრესტიჟულ ჯილდოს გამარჯვებულს 1956 წლიდან მოყოლებული ასახელებს. წელს გამარჯვებულს ეიფელის კოშკში 2 დეკემბერს დააჯილდოვებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები