Thumbnail
  • დალას მავერიკსი 110:119 (OT) ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსი და ლუკა დონჩიჩი სამმაგი დუბლებით გამოირჩნენ
  • ლეიკერსმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს, ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სტუმრად ოვერტაიმში შეძლო დალას მავერიკსის დამარცხება და სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. 

პირველ 12-წუთიან მონაკვეთში მოედნის მასპინძლებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ და მეოთხედი 5-ქულიანი უპირატესობითაც მოიგეს. სცენარი არც მეორეში შეცვლილა და დალასი დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ ლეიკერსმა ჩამორჩენის დაყვანა ქულამდე მაინც მოახერხა. გადამწყვეტ მეოთხედში კი სტუმრებმა გათანაბრებაც შეძლეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა - 103:103. აქ უკვე უპირატესობა სტუმრების მხარეს აღმოჩნდა და მატჩი ლეიკერსის გამარჯვებით, 119:110 დასრულდა.

📺 ლებრონ ჯეიმსი V ლუკა დონჩიჩი

მატჩის გმირი ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 39 ქულა, 12 მოხსნა და 16 პასი. ლებრონი გახდა ლეიკერსის პირველი კალათბურთელი თითქმის 30 წლის შემდეგ, რომელმაც მინიმუმ 30 ქულა, 15 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. ბოლოს ეს ლეგენდარულმა მეჯიკ ჯონსონმა მოახერხა, რომელმაც 1990 წლის მარტში 33 ქულით, 16 პასითა და 13 მოხსნით გამოირჩა.

34 წლის ლებრონმა კარიერაში 30-ე სამმაგი დუბლი მიითვალა, რომელშიც 30 და მეტ ქულას ითვლიდა. მანამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ რასელ უესტბრუკსა და ოსკარ რობერტსონს ჰქონიათ.

დალასში სამმაგი დუბლი ჰქონდა ლუკა დონჩიჩსაც, რომლის ანგარიშზე 38 წუთში მოპოვებული 31 ქულა, 13 მოხსნა და 15 პასია. NBA-ს ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეტოქე კალათბურთელებმა სამმაგი დუბლები 30-10-15 და მეტი მაჩვენებლით მიითვალეს. 20 წლის სლოვენიელისთვის ეს კარიერის მეათე სამმაგი დუბლია, რაც რეკორდია 21-წლამდე მოთამაშეთა შორის. ამასთან, 15 პასი დონჩინის კარიერის რეკორდიცაა.

ლებრონ ჯეიმსმა და ლუკა დონჩიჩმა ისტორია დაწერეს

ლოს ანჯელეს ლეიკერსი ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის სათავეშია. ლებრონის გუნდმა ამ სეზონში ჩატარებული 5 მატჩიდან მხოლოდ სასტარტო, თანაქალაქელ კლიპერსთან თამაში წააგო. მომდევნო შეხვედრას ლეიკერსი 4 ნოემბერს, სტუმრად სან ანტონიო სპურსთან ჩაატარებს, რომელსაც ასევე 4 მოგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები