Thumbnail
  • 📅 2 ნოემბერი | ⌚ 21:30 | ⚽ სევილია V ატლეტიკო
  • ხულიენ ლოპეტეგისა და დიეგო სიმეონეს პრესკონფერენციები

შაბათ-კვირას ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის მატჩები გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის გამო, გრანდები შაბათს თამაშობენ - ლიდერი ბარსელონა ვალენსიაში ლევანტეს ესტუმრება, ხოლო რეალი, რომელიც ბარსას მხოლოდ ქულით ჩამორჩება, შინ კრიზისში მყოფ ბეტისს მასპინძლობს. ტურის ცენტრალური მატჩი კი "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება - ხულიენ ლოპეტეგის სევილია დიეგო სიმეონეს ატლეტიკოს დაუხვდება. 

ორივე გუნდს 20-20 ქულა აქვს, ლიდერი მათ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. ასე რომ, ისედაც საინტერესო დაპირისპირებას დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს.

სევილია

თუ სერხიო რეგილონი ვერ მოირჩენს მცირე ტრავმას, მაშინ მის ნაცვლად დაცვის მარცხენა ფრთაზე სერხიო ესკუდერო ითამაშებს. ნოლიტო თამაშისთვის მზად არის და ოლივერ ტორესს კონკურენციას უწევს 11-ეულში მოსახვედრად. შემტევებად კი ლოპეტეგი, ალბათ, ისევ ჩიჩარიტოსა და ოკამპოსს დაეყრდნობა და ლუკ დე იონგი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.

სევილიას ვარჯიში ატლეტიკოსთან მატჩის წინ

არგენტინელი ლუკას ოკამპოსი შესაშურ ფორმაშია - ბოლო 8 მატჩში (კლუბში და ნაკრებში) 6 გოლი გაიტანა. 

ხულიენ ლოპეტეგი (სევილიას მწვრთნელი): "ატლეტიკო მსოფლიოს ხუთ საუკეთესო კლუბს შორისაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. სიმეონეს საქმიანობა ამ კლუბში საოცარია. მისი საოცარი შრომისა და მოწადინების გარეშე რთულად წარმოსადგენია კლუბი ამ დონეზე ასულიყო. ატლეტიკო მეტოქისგან ძალიან ბევრს ითხოვს, მის წინააღმდეგ თამაში კომპლექსური და რთულია. ატლეტიკო მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი გუნდი არ არის, ის მენტალურადაც ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული კლუბია".

ატლეტიკო

დანიელ კარისოსა და სერხი გომესის თამაში ძალზე საეჭვოა. სტუმართა მთავარი დანაკლისი ჟოაო ფელიქსია. აი, სავიჩი-ხიმენესის წყვილიდან რომელიმე შესაძლოა, ვიხილოთ მოედანზე, სიმეონეს გუნდს მთელი სეზონია აკლია ხორვატი ვრსალკო.

დიეგო სიმეონე

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ლოპეტეგი კარგად მუშაობს, კარგად უნაცვლებს როტაციას ლა ლიგასა და ევროპალიგაზე. ანდალუსიური კლუბი ძალიან კარგად უტევს, მას აქვს საჭირო სიღრმე შემადგენლობაში. ამ სეზონში მთავარ ფავორიტად ბარსელონას მივიჩნევ. ამ გუნდმა უკვე გაიარა ყველაზე რთული ეტაპი ლეო მესის გარეშე და ამჟამად უკვე ლიდერია". 

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-3-3): ვაცლიკი - ხესუს ნავასი, დიეგო კარლოსი, კუნდე, ესკუდერო - ბანეგა, ფერნანდო, ჟორდანი - ოკამპოსი, ხ. ერნანდესი, ო. ტორესი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ტრიპიერი, ფელიპე, ერმოსო, ლოდი - კოკე, საული, თომასი, ლემარი - მორატა, ა. კორეა

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგის ბოლო 21 მატჩიდან ატლეტიკოს მონაწილეობით 21-ში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა.

⚽ ლა ლიგის ბოლო სამ საშინაო მატჩში, სევილია ფრედ ასრულებს ტაიმს, შემდეგ კი იგებს.

⚽ ლა ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში სევილიას მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ატლეტიკო ბოლო 7 ტურია, რაც დაუმარცხებელია.

⚽ ბოლო ხუთი ურთიერთდაპირისპირებიდან (ლა ლიგა) ოთხში ორივე გუნდმა შეძლო გატანა.

⚽ ატლეტიკო ამ სეზონში სტუმრად საშუალოდ 3.6 ყვითელ ბარათს იღებს.

⚽ სევილიამ ბოლო დეკადაში მეხუთედ მოახერხა პირველ 11 ტურში 20 ქულის მოგროვება. 

კომენტარები

ბოლო ამბები