Thumbnail

გორგოძე ფინალშია! ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა ტიტულისთვის იბრძოლებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეკატერინე გორგოძე ნანტში 60-ათასიან ტურნირზე თამაშობს
  • ქართველის მეწყვილე უზბეკი აკგულ ანანმურადოვაა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ქალაქ ნანტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა.

გორგოძე Engie Open Loire Atlantique-ში უზბეკ აკგულ ანანმურადოვასთან ერთად ჩაება და უკვე 3 გამარჯვება იზეიმა. საინტერესოა, რომ ეკომ და აკგულმა სამივე შემთხვევაში ფრანგ ჩოგბურთელებს აჯობეს.

ქართველმა და უზბეკმა ჩოგბურთელებმა მერვედფინალში მილენ ჰალემაი და მანონ ლეონარი 6:4, 6:0 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი ლუდმილა ბენშეიხს და ალის ტუბელოს 7:5, 6:3 სძლიეს.

დღეს, ნახევარფინალში, გორგოძე და ანანმურადოვა ესტელ კასკინოს და ეიქსანე ლეჩემიას გაეჯიბრნენ და ამჯერადაც სეტიწაუგებლად იმარჯვეს – 7:6 (7:3), 6:4.

თუ ვის შეხვდება ქართულ-უზბეკური წყვილი ფინალში მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-2 ნახევარფინალი დასრულდება. იმ მატჩში პირველი განთესვის მქონე გერმანელი ვივიან ჰეისენი და რუსი იანა სიზიკოვა ფრანგებს – ირის ეკანის და მირტილ გეორგესს ეთამაშებიან.

ვთქვათ ისიც, რომ გორგოძე ნანტში ერთეულთა ტურნირშიც ირჯებოდა და საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ სარა ჩაკარევიჩს 4:6, 6:4, 7:5 მოუგო, თუმცა, მერვედფინალში ესპანელ კრისტინა ბუკსასთან 4:6, 2:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები