Thumbnail
  • 📅 2 ნოემბერი  | ⌚ 23:45 | ⚽ ტორინო V იუვანტუსი
  • მაურიციო სარის გუნდი მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია
  • ვალტერ მაძარის შეგირდებს 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ

შაბათს, სერია A-ს მე-11 ტურში, სატურნირო ცხრილის ლიდერი იუვენტუსი სტუმრად თანაქალაქელ ტორინოს დაუპირისპირდება. ეს ტურინული დერბია - Derby della Mole, თავისი მდიდარი ისტორიითა და ინტრიგით და მიუხედავად იმისა, რომ კლუბებს შორის დღეს ყველა მხრივ კოლოსალური სხვაობაა, ტორინოს გულშემატკივრისთვის ის მაინც ჩემპიონატის უმთავრესი მატჩია. 

ტორინო 

არადა, ვალტერ მაძარის გუნდი თავის ქომაგს ბოლო დროს იმედს ძალიან უცრუებს. ჩემპიონატის გასულ ტურში ტურინელები რომში ლაციოსთან შერცხვნენ (0:4) და მათი მოუგებელი სერია 5 მატჩამდე გაგრძელდა - 2 ფრე, 3 მარცხი. ასეთმა წარუმატებელმა პერიოდმა ტორინო ცხრილში მე-13 ადგილამდე დააქვეითა. ოცნება ამაზე, რომ სერია ამ შაბათს დასრულდება, ტორინოს ყველაზე ოპტიმისტ ფანსაც გაუჭირდება. 

ტორინოს ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ 10 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა

სხვათა შორის, დერბის წინ ტორინოს პრეზიდენტს ურბანო კაიროს ჟურნალისტის უცნაურ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.

"რომ შემეძლოს, იუვენტუსის შემადგენლობიდან რომელ ფეხბურთელს მოვაცილებდი? ჩემს ადგილზე ნებისმიერის პასუხი ალბათ "რონალდო" იქნებოდა. ეს ტრივიალურია და ამიტომ გიპასუხებთ: იგუაინს!".

ურბანო კაირო დერბის წინ ცდილობს, ჟურნალისტებთან ორიგინალური იყოს

ტურინულ დერბიში მოედანზე გასვლას ნიკოლა ნ’კულუ (დისკვალიფიკაცია) და კევინ ბონიფაცი ვერ შეძლებენ, საეჭვოა ტომას რინკონის თამაშიც.

იუვენტუსი

მაურიციო სარის შეგირდებმა შუა კვირაში შინ ჯენოასთან ითამაშეს და 3 ქულა გაჭირვებით მოიპოვეს (2:1). გამარჯვების გოლი კრიშტიანო რონალდომ 96-ე წუთზე, პენალტიდან შეაგდო. ამის წყალობით, იუვენტუსი ცხრილის ლიდერად დარჩა, თუმცა სულ ქულით უსწრებს მილანის ინტერს და ფეხის დაცდენის ფუფუნება არ აქვს. 

კრიშტიანო რონალდომ ტორინოს წინა სეზონის ორივე მატჩში გაუტანა

მაურიციო სარის გუნდი ჩემპიონატში ერთადერთია, რომელსაც წაგება არ აქვს, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ლიდერის დაცვის ხაზი ამ სეზონში იდეალური ნამდვილად არ არის, რაც ტორინოსთვის შანსი იქნება - საფრთხე შეუქმნას და გაუტანოს კიდეც მეტოქეს, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ძალიან საეჭვოა, მაძარის შეგირდებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად, შეძლონ "ბებერი ქალბატონის" დამარცხება.

ტურინულ დერბიში სარის გუნდს ადრიან რაბიო (დისკვალიფიკაცია), ჯორჯო კიელინი, მარიო მანჯუკიჩი და მირალემ პიანიჩი ვერ დაეხმარებიან. საეჭვოა გონსალო იგუაინის თამაში.

დაცვის ხაზში პრობლემების მიუხედავად, სარის გუნდი ამ სეზონში დაუმარცხებელია

საინტერესო ფაქტები

⚽ ტორინოს და იუვენტუსის დაპირისპირების ისტორია 1907 წლიდან იწყება და 200 ოფიციალურ მატჩს ითვლის.

⚽ Derby della Mole-ში უპირატესობა იუვენტუსის მხარესაა - 88 მოგება, 56 ფრე, 56 მარცხი.

⚽ ბოლოს ტორინომ დერბიში მოგება 2015 წლის გაზაფხულზე მოახერხა. მას შემდეგ გუნდებმა 10-ჯერ ითამაშეს.

⚽ ტორინოსა და იუვენტუსის ბოლო 10 დაპირისპირებიდან, ბებერმა ქალბატონმა 8-ჯერ მოიგო, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

⚽ ტორინომ სერია A-ში საკუთარ მოედანზე გამართული 5 მატჩდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა 1 წააგო. ბურთები - 6:5.

⚽ ტორინოს ბოლო ხუთი საშინაო მატჩიდან ოთხში გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.,

⚽ მაძარის გუნდმა სერია A-ს ამ სეზონში კარი მშრალად მხოლოდ ერთ მატჩში შეინახა - შინ ნაპოლისთან (0:0).

⚽ ტორინომ ამ სეზონში ყველა ტურნირში საკუთარ მოედანზე 8 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთში ვერ გაიტანა.

⚽ იუვენტუსმა სერია A-ში ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ 3-ში შეძლო კარის მშრალად შენახვა. 

⚽ მაურიციო სარის გუნდმა სერია A-ში ჩატარებული 10 მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ გაიტანა - ფიორენტინასთან (0:0). 

⚽ ჩემპიონატში იუვენტუსის 10 მატჩიდან 7-ში ორივე გუნდი იტანდა, 6-ში კი 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 
 
⚽ მაურიციო სარის გუნდმა გოლი ჩემპიონატის ზედიზედ სამ გასვლით შეხვედრაში გაუშვა.

ტორინოს ფანებისთვის იუვენტუსთან მოგებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს

სავარაუდო შემადგენლობები

ტორინო (3-5-2): სირიგუ - იცო, ლიანცო, ჯიჯი - ეინა, ბაზელი, ლუკიჩი, მეიტე, ანსალდი - ვერდი, ბელოტი.

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი - დიბალა, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები