Thumbnail

ეროვნული ლიგა | ლიდერის მარცხი - დინამო ბათუმმა ჩიხურასთან სტუმრად წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჩიხურა 2:0 დინამო ბათუმი
  • გოლები: 2:0 ფანცულაია (68), 2:0 არდაზიშვილი (89) 

ეროვნული ლიგის 33-ე ტური ივანწმინდაში გაიხსნა, სადაც საჩხერის ჩიხურამ ჩემპიონატის ლიდერს, დინამო ბათუმს უმასპინძლა. ფავორიტი გია გეგუჩაძის გუნდი იყო, თუმცა მოულოდნელად, სამი ქულა მასპინძელმა მოიპოვა. გოლები ჩიხურამ მეორე ტაიმში გაიტანა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თამაში უმძიმეს პირობებში წარიმართა, რადგან ივანწმინდის სტადიონის ატალახებულ მინდორზე ბურთი უბრალოდ არ გორავდა. 

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც მასპინძელთა კართან იქმნებოდა. ყველაზე რეალური შანსი ჯაბა ჯიღაურს ჰქონდა, რომელმაც ფლამარიონ ჯოვინოს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, ახლო მანძილიდან თავით დაარტყა, თუმცა დინო ჰამზიჩმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა. 

ჯიღაურის მომენტი

პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როდესაც მატჩის არბიტრ გიორგი კიკაჩეიშვილს ჩიხურას კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეეძლო და მართებდა კიდეც, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. კარში ლადო დვალიშვილმა დაარტყა, ბურთი კი მცველ დავით მაისაშვილს აშკარად ხელზე მოხვდა.

არდანიშნული პენალტი

ბურთი აშკარად ხვდება ხელზე ჩიხურას მცველ დავით მაისაშვილს

მეორე ნახევარიც სტუმართა უპირატესობით დაიწყო. იყო ეპიზოდი, როდესაც არბიტრი კიდევ ერთხელ შეცდა საჩხერელთა სასარგებლოდ. მსაჯმა ჩიხურას კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა არ დანიშნა. იქ ფლამარიონ ჯოვინო გადიოდა მეკარესთან პირისპირ, როდესაც მცველმა მასზე ძალიან იუხეშა. მსაჯს მცველის გაძევება შეეძლო, თუმცა რატომღაც ჯარიმაც კი არ დანიშნა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ, შეტევისთვის მასპინძლებმაც მოიცალეს და ერთ-წუთიან მონაკვეთში ორჯერ დაემუქრნენ დინამო ბათუმის კარს.

წესების დარღვევა ჯოვინოზე

შეხვედრის 68-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. საჩხერელებმა მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს, როდესაც ბურთი მიშიკო სარდალიშვილმა მიიღო, გიორგი ნავალოვსკი ჩამოიცილა და გიორგი ფანცულაიას ზუსტი პასი მისცა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

1:0 ფანცულაია (68)

დარჩენილ დროში ბათუმელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და გატანაც შეეძლოთ. 75-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური ჩააწოდეს, როდესაც ახლო მანძილიდან თავით ფლამარიონ ჯოვინომ დაარტყა, დინო ჰამზიჩმა კი კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი რეაქცია და მეორედ გადაარჩინა ჩიხურა გაშვებულ გოლს.

ჯოვინოს მომენტი

ბოლო წუთებში ბათუმელები მთელი ძალებით წავიდნენ შეტევაში, მასპინძლები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. 89-ე წუთზე, ერთ-ერთი ასეთი კონტრიერიში ჩიხურას მეორე გოლით დასრულდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა: 2:0 სოსი ფრუიძის გუნდის სასარგებლოდ.

2:0 არდაზიშვილი (89)

ამ მარცხით დინამო ბათუმმა ძალიან გაირთულა მდგომარეობა. კვირას, დინამო თბილისი ქუთაისის ტორპედოს მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგება. ბათუმურ გუნდს შესაძლოა საბურთალოპც დაეწიოს, რომელსაც ამისთვის გირში დილას დამარცხება სჭირდება. მოკლედ, ეს იყო მწარე მარცხი ეროვნული ლიგის ჯერ კიდევ ლიდერისთვის, რომელიც ისევ კონკურენტების არასტაბილური თამაშის იმედზე რჩება.

ჩიხურა 2:0 დინამო ბთ.

გოლები: 1:0 ფანცულაია (68), 2:0 არდაზიშვილი (89)

ჩიხურა (4-4-2): ჰამზიჩი - კორიფაძე, მაისაშვილი, კაშია, ჩიკვაიძე (65. ჩიხლაძე) - სარდალიშვილი (74. ერგემლიძე), მამასახლისი, ჩიტეიშვილი, არდაზიშვილი - ფანცულაია (77. მუმლაძე), მარკოზაშვილი 

დინამო ბთ. (4-2-3-1): ალავიძე - მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი - ტეიდი (69. გაფრინდაშვილი), მამუჩაშვილი (83. თევდორაძე) - ჯიღაური (63. რამოსი), ჯოვინო, მანჯგალაძე - დვალიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები