Thumbnail
  • მატეის დე ლიხტმა ტურინული კარიერა ცუდად დაიწყო
  • იუვეს გაშვებული გოლების ნახევარზე მეტი მისი ბრალია
  • ადაპტაციის გარეშე ჰოლანდიელს უჭირს
  • მას სისწრაფის და წონის პრობლემები აქვს

სეზონის სტარტის ერთ-ერთი მთავარი წარუმატებლობა მატეის დე ლიხტის თამაში და მისი ფორმაა. ჰოლანდიელი იუვეს დაცვისთვის ნამდვილ პრობლემად იქცა - სერია A-ში იუვეს მიერ გაშვებული 9 გოლიდან 5 პირადად დე ლიხტის "ანგარიშზეა" - ეს იუვეს მიერ გაშვებული გოლების ნახევარზე მეტია.

ბოლოსწინა ტურამდე კარგი ის იყო, რომ დე ლიხტის შეცდომები იუვეს დაკარგულ ქულებად არ უჯდებოდა, თუმცა ლეჩესთან, ბოლოსწინა ტურში, დე ლიხტს სრულიად არასაჭირო სიტუაციაში ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი ტურინელთა კარში და დაკარგული ორი ქულა.

რატომ გამოიყურება შარშანდელი სეზონის მთავარი აღმოჩენა იტალიაში ასე ცუდად?

ადაპტაციის პრობლემა

პირველი მიზეზი ძალიან სტადარტულია: დე ლიხტს უცხო ქვეყანაში და უცხო ჩემპიონატში თამაშის დაწყება ადაპტაციის გარეშე მოუწია. ჯორჯო კიელინი მეორე ტურის წინ, აგვისტოს ბოლოს, მძიმედ დაიმტვრა და გაზაფხულამდე ვერ ითამაშებს. დე ლიხტსაც კიელინის ნაცვლად ძირითადში თამაშის დაწყება ყველანაირი მოსამზადებელი პერიოდის გარეშე მოუწია.

მახსოვს, პირველ ტურში, პარმასთან თამაშის შემდეგ, რომელიც იუვემ კიელინი-ბონუჩის წყვილით ითამაშა (და გოლი არ გაუშვა 1:0), დე ლიხტი გაკვირვებული აღნიშნავდა, რომ ის სათადარიგო სკამზე ისე დატოვეს, რომ ახსნა-განმარტებაც კი არ მიუციათ. გარედან დე ლიხტის კომენტარი ცოტა კომიკურად გამოიყურებოდა - კიელინი-ბონუჩის წყვილი ბოლო ბევრი წლის მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და დე ლიხტი მათ კონკურენტად, ბუნებრივია, ვერ გამოდგებოდა. მისი ტრანსფერი უფრო მომავლისთვის ინვესტიცია იყო ასაკში შესული და ტრავმატული კიელინის ფონზე. მოკლედ, ამ სეზონში ალბათ თავად დე ლიხტისთვისვე უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო ხშირად სკამიდან, როტაციაში ეთამაშა - მისჩვეოდა მისთვის ახალ ჩემპიონატს და სათამაშო სისტემას.

მარიო სკონჩერტი, ექსპერტი: "იუვეს დაცვაში სიცარიელე აქვს. კიელინის ტრავმა ყველაზე უარესი იყო, რაც შეიძლება მომხდარიყო. კიელინი, როცა შეცდომას უშვებს, თვითონვე ასწორებს, დე ლიხტის შეცდომა კი გოლით სრულდება. ის დაბნეულია, ტოპ-მოთამაშის ფსიქოლოგია ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული".

ერთი დეტალი - დე ლიხტი იტალიურ ენას ჯერჯერობით საერთოდ ვერ ფლობს და ეს, ბუნებრივია, დაცვაში პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს მას არ ეხმარება.

რა არის მთავარი - ბურთი თუ სივრცე?

დე ლიხტზე ლაპარაკმა შეიძლება საფეხბურთო ფილოსოფიებს შორის დისკუსიაში შორს წაგვიყვანოს. მგონია, რომ მან არასწორი ჩემპიონატი და გუნდი აარჩია. ის აიაქსის გაზრდილია და ჰოლანდიურ-ესპანური ტიპის მცველია. დაცვის ეს სისტემა ეფუძნება პრინციპს, რომ მთავარია ბურთი - ანუ, მთელი გუნდი (მათ შორის მცველები) ბურთისკენ იწევს, ასე იქმნება პრესინგი, რომელსაც გასულ სეზონში აიაქსი ასე კარგად თამაშობდა. ამ ტიპის დაცვაში მცველები მაღლა იწევენ, თავდამსხმლებს სიღრმეში მიყვებიან და ხშირად პერსონალურად თამაშიც უწევთ.

იტალიური დაცვის სისტემა სივრცის, ზონის დაცვას გულისხმობს და ბურთზე უფრო ნაკლებად კონცენტრირდება - ანუ, მნიშვნელობა არ აქვს მეტოქეს სად აქვს ბურთი, მთავარია კარი და საჯარიმო, ანუ, დაიცვა ის სივრცე, საიდანაც გოლი უნდა გაგიტანონ და არ დატოვო უყურადღებოდ.

'დე ლიხტს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, ის პერსონალურ დაცვას არის მიჩვეული, იტალიაში კი ზონურ დაცვას ვთამაშობთ' - ლეონარდო ბონუჩი

ისე გამოდის, რომ დე ლიხტი სულ სხვა თამაშს არის მიჩვეული და სულ სხვა ტიპის თამაში უწევს. ის ძალიან ხშირად კონცენტრირდება ბურთზე, ტოვებს სივრცეს და პოზიციას, არ ითვალისწინებს პარტნიორების განლაგებას და შედეგად არღვევს იუვეს დაცვის კომპაქტურობას.

საილუსტრაციოდ, ლოკომოტივთან ჩემპიონთა ლიგაში გაშვებული გოლი შეგვიძლია ვნახოთ - ეს გოლი მხოლოდ დე ლიხტის ბრალი არ ყოფილა - იუვეს მთელი დაცვის ლაპსუსია, თუმცა დე ლიხტი ისე თამაშობს, როგორც ჩვევია, მიყვება თავდამსხმელს სიღრმეში, ტოვებს პოზიციას, აგებს ორთაბრძოლას და შემდეგ უკვე სათამაშო ეპიზოდიდან მოწყვეტილია. თუ დააკვირდებით მის მოძრაობას, ის მეტოქის მეორე დარტყმას, დამატებასაც, კი ვერ ასწრებს.

დე ლიხტს გაუმართლა, რომ იუვეს წელს, შედარებით, ნაკლებად 'იტალიური' მწვრთნელი ჰყავს - სარის დაცვა სტანდარტული იტალიური დაცვის სისტემა არ არის, კონტესთან, ან ალეგრისთან, რომლებიც სივრცეს და კომპაქტურობას კიდევ უფრო მეტად აფასებენ, მას ბევრად მეტი პრობლემა ექნებოდა.

სისწრაფის პრობლემა

დე ლიხტის შეცდომებს ერთი საერთო აქვთ: ჰოლანდიელს სისწრაფის პრობლემა აქვს - როგორც აზროვნების, ასევე ფიზიკური სისწრაფის. აზროვნების სისწრაფის პრობლემა შეიძლება გასაგები იყოს - ის ბევრად უფრო რთულ ჩემპიონატში თამაშობს, სადაც უფრო გამოცდილ და მაღალი კლასის ოპონენტებთან უწევს დაპირისპირება - შედეგად, თითქოს მუდამ ერთი სვლით უკან არის. მაგალითად, ნაპოლისთან შეხვედრაში, მის ზურგს უკან ლოზანომ ისე შეირბინა, რომ დე ლიხტს, ამ მანევრისთვის საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება.

უფრო რთულად არის საქმე მის ფიზიკურ სისწრაფესთან დაკავშირებით. დე ლიხტი სისტემატიურად ტოვებს მოუქნელის შთაბეჭდილებას. მაგალითად, ბოლონიასთან შეხვედრის ბოლო წუთზე, მან უხერხული ვარდნა შეასრულა და ბურთი ხელში მოხვდა. პენალტისგან იუვე მსაჯმა გადაარჩინა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ იგი იმ კომპონენტებშიც კი ცუდად გამოიყურება, რაც, ტრადიციულად, მისი ძლიერი მხარე უნდა იყოს - სტანდარტებზე და თავის თამაშის დროს, დე ლიხტი ბევრ შეცდომას უშვებს. ნაპოლისთან შეხვედრაში მან ოპონენტი სტანდარტებზე ორჯერ დაკარგა.

იტალიაში იგი ორთაბრძოლების მხოლოდ 44 პროცენტს იგებს, ეს ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ბონუჩის, რუგანის, ან დემირალის შედეგი. დე ლიხტი, რომელიც ჰაერში თამაშის სპეციალისტად მიიჩნეოდა, იტალიაში საჰაერო ორთაბრძოლების მხოლოდ 46 პროცენტს იგებს (ჰოლანდიაში ეს შედეგი 65 პროცენტი იყო).

სპეციალისტების ნაწილი დე ლიხტის მოუქნელობასა თუ სისწრაფის პრობლემას წონით ხსნის. წონის პრობლემა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - ოფიციალური მონაცემებით 188 სანტიმეტრის სიმაღლის არის და 89 კილოგრამს იწონის. თუკი ფეხბურთელის იდეალურ წონას ძალიან მარტივი სტანდარტის მიხედვით დავთვლით - სწორი სათამაშო წონა 100 სანტიმეტრს ზემოთ რა სიმაღლეც არის, იმ რიცხვს მინუს 1-3 კილოგრამით ითვლება - ანუ ამ სტანდარტით, დე ლიხტის წონა  დაახლოებით 85-87კილოგრამი უნდა იყოს. მაგალითად, სერხიო რამოსი 184 სანტიმეტრის ფონზე 82 კილოგრამს იწონის, ვირჯილ ვან დაიკი 193 სანტიმეტრის სიმაღლეა და 92 კილოგრამი წონა აქვს, 187-სანტიმეტრიან ჯორჯო კიელინის კი 85 კილო. შედარებისთვის, შეგნებულად შევარჩიე გაბარიტული მცველები, შედარებით ნაკლებად გაბარიტული მცველების შემთხვევაში (ბონუჩი, ვარანი, მატიპი) ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია. თითოეული ეს მოთამაშე ზემოთ ხსენებულ სტანდარტში ჯდება, დე ლიხტი - კი ვერა.

ჰოლანდიელს წონის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა - აიაქსის აკადემიაში მისი მეტსახელი იყო „დიკი“, რაც ჰოლანდიური საბავშვო ლიტერატურის გმირი მსუქანი, წითური კატაა. თუმცა, ამ შემთხვევაში რთული წარმოსადგენია, რომ იუვეს კალიბრის გუნდში მას ზედმეტი წონა ჰქონდეს - სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მან ამ ზაფხულში ზედმეტად ბევრი კუნთური მასა აკრიფა და ახლა ამ მასის კონტროლი უჭირს.

ლუიჯი კანი: "მე მახსოვს დე ლიხტი აიაქსში, ახლა ის ბევრად უფრო გაბარიტულია, შესაბამისად, უფრო ნელიც. არ ვიცი ეს რატომ მოხდა, თუმცა ამ მასის მქონე მოთამაშეებს მუდამ პრობლემა აქვთ".

მისი მსგავსი წონა (ამ სტანდარტზე მეტი) ელიტურ წამყვან ჩემპიონატებში ჰარი მაგუაირს აქვს. ამ უკანასკნელს აქვს სისწრაფის პრობლემაც, თუმცა სამაგიეროდ, იმ კომპონენტებში, რომლებშიც ძლიერია (თავით თამაში, ფიზიკური ორთაბრძოლა, კომპაქტურ დაცვაში თამაში), ძალიან კარგად გამოიყურება. დე ლიხტი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმ კომპონენტებშიც კი ცუდია, რომლებიც მისი ძლიერი მხარე უნდა იყოს.

ამას ემატება სრულიად აუსხნელი ტექნიკური შეცდომები. მაგალითად, ინტერთან შეხვედრაში დე ლიხტმა თავით თამაშის დროს ხელი ისე მაღლა აწია, რომ სრულიად უწყინარ სიტუაციაში პენალტი დაინიშნა იუვეს კარებში. ეს პროფესონალი ფეხბურთელისთვის ძალიან უხეში შეცდომა იყო.

რას ამბობს თვითონ დე ლიხტი?

დე ლიხტიც აღიარებს, რომ ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგი არ არის. მისივე თქმით, ამსტერდამში იგი თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა.

დე ლიხტი: "მთავარი გაკვეთილი, რომელიც იუვენტუსში მივიღე, არის ის, რომ მუდამ შენი თავის უნდა გჯეროდეს. პირველი თამაშების შემდეგ მივხვდი, რომ მუდამ მეშინოდა, ვღელავდი შეცდომა არ დამეშვა.“

დე ლიხტს საკუთარი თამაშის მხოლოდ გაუმჯობესება შეუძლია - ამაზე ცუდად თამაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მისთვის კარგი ის არის, რომ კიელინის არყოფნაში, იუვეს არც სხვა მცველები გამოიყურებიან კარგად - რუგანი ჯენოასთან შეფასებების მიხედვით თავის გუნდში ყველაზე ცუდი იყო, დემირალმა კი ვერონასთან ნათამაშებ ერთადერთ შეხვედრაში არასაჭირო პენალტი მოუტანა თავის გუნდს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დე ლიხტში ძალიან დიდი თანხაა გადახდილი და იუვესაც სხგა გზა არ აქვს, რომ შეცდომების მიუხედავად ჰოლანდიელს ნდობა არ გამოუცხადოს. შედეგად, დე ლიხტს სათამაშო დრო კიელინის დაბრუნებამდე გარანტირებული აქვს.

დროის გასვლასთან ერთად, ცალკეული პრობლემები (ადაპტაცია, ფსიქოლოგია) გადაიჭრება, თუმცა ფუნდამენტური პრობლემების (თამაშის კითხვა, სისწრაფე) გადაჭრის იმედი ტურინელთა ბანაკში ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ბოლო ორი დღეა, იტალიურ პრესაში იმასაც წერენ, რომ ამ სეზონის შემდეგ დე ლიხტი შეიძლება სათამაშო სტილით მისთვის უფრო მისაღებ ჩემპიონატშიც წავიდეს. თუკი იუვე ამ ტრანსფერის შედეგად იმ თანხის დაბრუნებას შეძლებს, რაც ჰოლანდიელში გადახდილია, შეიძლება ეს ოპტიმალური გამოსავალი იყოს. დე ლიხტი მოუმატებს და უკეთესი იქნება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში კიელინის შეცვლას რამდენად შეძლებს, ეს დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან რთულად პროგნოზირებადია.

კომენტარები

ბოლო ამბები