Thumbnail

‘თვით რონალდოსაც კი ეშინოდა!’ - მარსელომ პანიკურ შიშებზე გულახდილად ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რეალის ვარსკვლავმა გაამხილა, რომ მნიშვნელოვანი მატჩების წინ შიშები აქვს
  • განსაკუთრებით მძიმე შეტევები მას ფინალების წინ ემართება

შარშან, გერმანიის ნაკრების ყოფილმა მცველმა პერ მერტეზაკერმა გულახდილად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი მატჩების წინ სერიოზული შიშები ჰქონდა, ახლა კი მადრიდის რეალის ვარსკვლავმა მარსელომ განაცხადა, რომ პანიკური შეტევები მასაც გადატანილი აქვს.

The Player's Tribune-თან ინტერვიუში ბრაზილიელმა დეტალურად აღწერა, როგორ დაეუფლა შიშები ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალის წინ, რომელშიც რეალი ლივერპულს ეთამაშებოდა. მარსელო აცხადებს, რომ მას იმდენად ძლიერი შეტევა ჰქონდა, რომ გასახდელში სუნთქვა გაუჭირდა.

“ვერ ვსუნთქავდი. არადა, ვცდილობდი, რომ პანიკას არ ავყოლოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიხრჩობოდი,” - ამბობს მარსელო და დასძენს, რომ პანიკური შეტევა წინა საღამოს დაეწყო: “ვერაფერი შევჭამე და ღამე არ მეძინა.”

ბრაზილიელს შიშები მხოლოდ იმ მომენტში გაუქრა, როცა თამაში დაიწყო: “როდესაც მოედანზე გასახურებლად გავედით, ჯერ კიდევ მიჭირდა სუნთქვა, მაგრამ როცა თამაშის დაწყების დრო დადგა და მოედანზე განვლაგდით, როცა ცენტრში ბურთი დავინახე, ყველაფერი შეიცვალა. სწორედ მოედნის ცენტრში დადებული ბურთის დანახვამ მიშველა. უცებ მომეშვა და დავმშვიდდი.”

მარსელომ იმის შესახებაც ისაუბრა, რომ მნიშვნელოვანი მატჩების წინ ერთი შეხედვით ძლიერი ფსიქიკის მქონე ვარსკვლავებსაც ეწყებათ ნერვული შეტევები: “2017 წელს, იუვენტუსთან ფინალის წინ კრიშტიანო რონალდომ იკითხა: ‘ნუთუ მხოლოდ მე ვგრძნობ მუცელში უცნაურ სიმძიმეს?’ უცებ ბევრმა უპასუხა: მეც, ძმაო! მეც! მეც! თავიდან არავის სურდა ამის აღიარება, მაგრამ როცა ასეთ რამეს ისეთი ფეხბურთელი ამბობს, როგორიც კრიშტიანო რონალდოა, მერე ყველას უადვილდება ამის აღიარება. კრიშტიანო ცივსისხლიანია. მანქანაა. მაგრამ თვით კრიშტიანომაც ჩაისვარა.”

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ბარსელონა
  • ლივერპული
  • რეალი
  • იუვენტუსი
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები