Thumbnail
  • საბა ლობჟანიძის ტრანსფერზე დანიაში ბევრს ლაპარაკობენ
  • რანდერსის პრეზიდენტის მოსაზრება განსხვავებულია

Tipsbladet-ის ინფორმაციით, დანიური რანდერსის ხელმძღვანელობა საბა ლობჟანიძის გაყიდვაზე უარს იტყვის, თუ მის სანაცვლოდ შემოთავაზებულ თანხას ბრონდბიუ და სხვა მსურველი კლუბები არ გაზრდიან.

რანდერსმა უკვე დაადასტურა, რომ ბრონდბიუმ ლობჟანიძის ინტერესი განაახლა, თუმცა დანიური გრანდი ერთადერთი კლუბი არაა, რომელსაც 24 წლის შემტევი ნახევარმცველის შეძენა სურს.

კლუბის პრეზიდენტმა სვენდ ლინგე იორგენსენმა განაცხადა, რომ კლუბს აღარ აქვს ფინანსური პრობლემები, ასე რომ, ლობჟანიძის იაფად გაყიდვა სიგიჟე იქნებოდა.

"ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ხანდახან, შესაძლოა, რამე ხელში იაფად ჩაიგდო, თუ მფლობელს ფინანსური პრობლემა აქვს, მაგრამ რანდერსი ასეთი აღარ არის", - განაცხადა იორგენსენმა.

"შესაძლოა, ასეთი სცენარიც განვითარდეს - ჩვენ ვყიდით ლობჟანიძეს და ამის გამო ვკარგავთ ელიტაში ადგილს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ სეზონში სამი გუნდი ვარდება. როცა ლიდერს ინარჩუნებ, ლიგაში დარჩენის მეტი შანსია", - ამ ფრაზით იორგენსენი მიანიშნებს, რომ ურჩევნია გუნდი ლობჟანიძეს სეზონის ბოლოს უფასოდ შეელიოს, რადგან კონტრაქტი უსრულდება და ის ბოლომდე გამოიყენოს ლოკალური მიზნებისთვის. 

დანიის სუპერლიგის 12 მატჩში საბას ანგარიშზე 6 გოლი და 2 საგოლე პასია. სულ სუპერლიგაში მან 23 გოლი გაიტანა (2017/18 - 29 მატჩი 9 გოლი, 2018/19 - 37 მატჩი - 8 გოლი). ამჟამად ქართველი ლეგიონერი ტრავმირებულია. 

კომენტარები

ბოლო ამბები