Thumbnail
  • რუსეთში დაგეგმილ ტურნირში საქართველოს ნაკრების 12 წევრი ჩაებმება
  • ევროპის ძიუდოს კავშირის აზრით, კვარცხლბეკზე რამდენიმე ქართველს ვიხილავთ

პარასკევს, 1 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ იჟევსკში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის, რომელშიც 12 ქართველიც ჩაებმება: 9 ვაჟი და 3 გოგონა.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 60, 66 (ვაჟები), 48, 52 და 57 კგ-მდე (გოგონები) წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ, შაბათს მედლები 73, 81 (ვაჟები), 63 და 70 (გოგონები) კგ-ში გათამაშდება, კვირას კი – 90, 100, +100 (ვაჟები), 78 და +78 კგ-ში (გოგონები).

დღეს, წილისყრის პროცედურა შედგა და ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. 60 კგ-მდე წონითი კატეგორიის პირველ წრეში ქართულ-აზერბაიჯანულ პაექრობებს ვიხილავთ: თემურ ნოზაძე აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს შეერკინება, ჯაბა პაპინაშვილი კი – რაშად იელკიევს.

ჯაბა პაპინაშვილი

66 კგ-ში ლუკა კაპანაძე ესპანელ ადრიან ნიეტო ჩინაროს დაუპირისპირდება, ხოლო გიორგი თუთაშვილი – გერმანელ მიხელ ადამს.

ვლადიმერ ახალკაცს (81 კგ.) პირველი განთესვა აქვს და მე-2 წრეში აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვს და ხორვატ დამიან სოკოლოვიჩს შორის უმჯობესს დაელოდება.

2 წარმომადგენელი გვეყოლება 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში: იმედა გოგოლაძე მერვედფინალში ბელარუს ივან დუბინას შეერკინება, მიხეილ ბექაური კი ევროპირველობაში პირველი წრიდან აზერბაიჯანელ ალიუმარ ტუმაევთან შეხვედრით ჩაებმება.

100 კგ-ში ქართველი ძიუდოისტები სტარტს მერვედფინალიდან აიღებენ: ილია სულამანიძე ძალებს თურქ ომერ აიდინთან მოსინჯავს, ონისე სანებლიძე კი სომეხ კარაპეტ ისოიანს გაეჯიბრება.

ეთერ ლიპარტელიანი

გოგონებში წონის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) მე-2 რაუნდში უნგრელი ბრიგიტა ვარგას და ესპანელი კაროლინა რივერო სუარესის წყვილში გამარჯვებულს დაელოდება, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) ებრაელ მაია გოშენს დაუპირისპირდება, ხოლო მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილის (+78 კგ.) მეტოქე ხორვატი ზრინკა მიოჩიჩი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ძიუდოს კავშირმა მომავალ შეჯიბრს სპეციალური სტატია მიუძღვნა და ფავორიტთა შორის არაერთი ქართველი ძიუდოისტიც დაასახელა. EJU-ს აზრით, კვარცხლბეკზე ასვლის ყველაზე კარგი შანსი პაპინაშვილს, ახალკაცს, სანებლიძეს, ლიპარტელიანს და ჭანტურიას აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები